
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი 16 წლის გოგონა მარიამ ჩოთირიძე, საუბედუროდ, კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. როგორც კლინიკა "მედალფაში“ ამბობენ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ოთხი მოზარდი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა:
ავარიის შედეგად დაღუპული 16 წლის მარიამ ჩოთირიძე თბილისში, ნაძალადევში ცხოვრობდა. როგორც გვითხრეს, გოგონა სოფელ გომში სტუმრად იყო ჩასული. ადგილობრივების თქმით, მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა. დაშავებული სამი ახალგაზრდა სოფელ გომში ცხოვრობს, ერთი კი სოფელ წითელმთიდანაა.
“ჩვენი მარიამი, ჩვენი ლამაზი გოგო აღარ გვყავს. ეს რა საშინელი ამბავი გავიგეთ ამ დილით. ჯერ მის სახლამდეც ვერ მივდივართ, ოჯახისთვის სამძიმარიც არ მითქვამს, რა უნდა ვუთხრა მის დედას, მისი ოჯახის წევრებს?! ვერც ვკითხულობ დეტალებს, ისე განვიცდი ამ ამბავს. ჩვენს უბანში, ნახალოვკაში დიდი თუ პატარა ყველა ტირის, ისეთი კარგი ბავშვი იყო მარიამი. ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა, მას გულის მანკი ჰქონდა, ამ ტკივილით ცხოვრობდნენ და ახლა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. ჩემი შვილის მეგობარია მარიამი, უკარგესი ცქრიალა გოგო, არ ვიცი, როგორ ვუთხრა სამძიმარი მის დედას, რომელმაც მეორე შვილი დაკარგა. სიტყვები არ მაქვს,” - განუცხადა "კვირის პალიტრას" მეზობელმა.
“სოფელ გომში ყოფილა ჩამოსული ეს გოგონა სტუმრად. ის ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ისვენებდა, და ეტყობა,სტუმრად წაიყვანეს მარიამი. საჭესთან ვინც იჯდა, იმას როგორც ვიცი, მართვის მოწმობა ჰქონია. სოფელ წითელმთაში მოხდა, სოფელ გომიდან 5 კილომეტრშია ეს სოფელი, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ორივე სოფელი, მოსახვევიდან მალევეა ავარია მომხდარი, ჯერ დამცავ ჯებირს შეეჯახნენ, შემდეგ შევარდნენ იქვე მაცხოვრებელის ეზოში. ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი სიჩქარეა, ზუსტ დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. არადა ძალიან გამკაცრებულია თითქოს ყველაფერი. ხშირად დადის პატრული და მაქსიმალურად კონტროლდება გზები, რადგან ტურისტული ზონაა და ბევრი ტურისტი სტუმრობს აქაურობას. არ ვიცი, რა ვთქვა...
ვიდრე კლინიკაში გადაიყვანდნენ ბავშვს, მანამდეც ითქვა, რომ ძალიან მძიმედ იყო. ფაქტობრივად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა და კლინიკაში გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს ამ დიდ ტრაგედიას. დანარჩენები გადარჩებიანო, თუმცა, მათაც აქვთ დაზიანებები და მოტეხილობები”, -ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
"კვირის პალიტრა"