რეზონანსი
29.08.2026

შეწყალების ჰუმანური აქტი და ოპოზიციის კრიტიკა პატიმრებს. ქართული ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილი მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს, რომლებიც მათი მოწოდებების შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, დღეს გადაწყვეტილებას უწუნებენ.

მმართველ გუნდს ოპონენტების კრიტიკა არ უკვირს. აცხადებენ, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლება და მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება ოპოზიციის გეგმას ხელს უშლის. ამბობენ იმასაც, რომ თუ მსჯავრდებული საკუთარ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება, რაც პრეზიდენტის შეწყალების აქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჰუმანური ნაბიჯები.

„ესენი იყვნენ დამკვეთები და ესენი ავალებდნენ ამ ბავშვებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ იმ არეულობის დროს აქციაზე. პოლიციელის ცოცხლად დაწვის მომენტს ვიხსენებ კიდევ ერთხელ და იმას, როდესაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას აპირებდნენ. ეს იყო ზუსტად ამ ადამიანების დავალება და როგორ გგონიათ, ახლა ამათ გაუხარდებათ ან მოეწონებათ ის პროცესი, რომ ეს ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და ბრალი აღიარეს? ამ ბავშვებმა ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან, მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, აღიარეს თავიანთი ბრალი და იქნენ შეწყალებულნი, რაზეც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა, პრემიერმაც, რომ ამ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენგან ჰუმანური ნაბიჯი გადადგმული. არ მოეწონებათ, რა თქმა უნდა, დამკვეთებს.

ესენი არიან ქვეყნის მტრები თავიდან ბოლომდე და ამათ უნდათ, რომ რაც მეტი პატიმარი ეყოლება სახელმწიფოს, გამოვლენ და იტყვიან, რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები“, - აცხადებს ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×