რეზონანსი
19.05.2024

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორში თავდასხმები გააძლიერეს. შედეგად, ანკლავის რაიონში 64 პალესტინელი დაიღუპა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ზიანი მიადგა ლტოლვილთა ბანაკს.

პარალელურად, ისრაელის არმიის პრესმდივანმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამი მძევლის გვამთან ერთად კიდევ ერთი მოკლულის გვამი იპოვეს.

ევაკუაცია გრძელდება რაფაჰის რეგინშიც. გაეროს მონაცემების თანახმად, 800 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა რაფაჰის ტერიტორია მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

მედიის თანახმად, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეჩერდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლების გათავისუფლების პირობებზე და ვერ განსაზღვრეს "ომის დასასრულის" ცნება.

პარალელურად, ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი გადადგომით იმუქრება, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, არ მიიღებს მის ექვსპუნქტიან გეგმას ღაზას სექტორის ოპერაციასთან დაკავშირებით. განცმა ნეთანიაჰუს დრო 8 ივნისამდე მისცა.

საპასუხოდ, ნეთანიაჰუმ განცის მუქარა გააკრიტიკა და მისი მოთხოვნები მოიხსენია, როგორც უბრალო სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ნათელია: ომის დასრულება და ისრაელის დამარცხება, მძევლების უმეტესობის მიტოვება, "ჰამასის" ხელუხლებლად დატოვება და პალესტინის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

თელ-ავივში მძევლების დაბრუნების მოთხოვნით აქციები გრძელდება.

ავტორი: თინა თოფურიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×