რეზონანსი
10.05.2024

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას, - ამის შესახებ ინფორამციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც საზოგადოებას გააცნობს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიციამ 8-9 მაისს, ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე 6 პირი დააკავა.

ექვსივე დაკავებულს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც ახლა გავაცნობთ საზოგადოებას.

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.

დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება.

ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1200 ლარი.

ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

დაკავებული აღიარებს, რომ მან მიღებული დავალება შეასრულა, რაზეც მეტყველებს კადრებიც და მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი.

მისი განმარტებით, ავტომობილის დაზიანების შემდეგ, მან ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეომასალა ატვირთა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, კონკრეტულად „ინსტაგრამ"-ზე. აღსანიშნავია, რომ ესეც დავალების ნაწილს წარმოადგენდა.

ვაქვეყნებთ დაკავებულის თანხმობით ჩაწერილ ვიდეოჩანაწერს, ჩვენების ნაწილს, სადაც ბრალდებული ყველაფერს თავად აფიქსირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×