რეზონანსი
07.07.2024

"გლოვოს" კურიერის, თემო სიგუას დედა ამბობს, რომ მის შვილს ორივე ფეხი საოპერაციო აქვს. მისივე თქმით, ექიმებმა დაჭრილ ახალგაზრდას უთხრეს, რომ საჭიროა თითების ამპუტაცია:

"ორივე ფეხი საოპერაციოა. დამსხვრეულია ძვლები. მე როგორც ვიცოდი, აღდგენა მოხდებოდა და ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკაო ვერ ავაწყობთო და თითების ამპუტაცია იქნება საჭიროო.

ოთხი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან იყო კამათი, იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და დავაი გააღწიე აქედანო. ერთი ბოთლი აკლიაო და მე ვუთხარი, შეფუთული ხომ იყო, მე რა შუაში ვარო, "გლოვოში" დარეკე, მე რაც ჩამაბარეს ის ჩაგაბარეთო. შენო ბიჭო ვის ეტლიკინებიო და დედაზე შემაგინაო", - ამბობს დაჭრილის დედა ლენა ჩოგოვაძე.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში კი აცხადებენ, რომ პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ დაჭრა პნევმატური იარაღიდან მოხდა, ოჯახისთვის კი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ამის მტკიცება გაუგებარია. დაკავებული არავინაა.

მომხდართან დაკავშირებით, "გლოვოს" კურიერები საპროტესტო აქციის გამართვას არ გამორიცხავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×