ყველანაირი პრობლემა უკან მოტოვებული და განეიტრალებულია, შესაბამისად, სტაბილურობა ჯერჯერობით გარანტირებულია
გვანცა წულაია
04.07.2024

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლარი თანდათან თავის კალაპოტს უბრუნდება. კურსი ეტაპობრივად მყარდება და ყოველდღიურად პოზიციებს იუმჯობესებს. როგორც ეკონომისტებმა განაცხადეს, სავალუტო ბაზარზე ყველანაირი ცუდი მოლოდინი განეიტრალებულია, ამიტომ ლარს არანაირი პრობლემა აღარ ელის. 

მართალია, ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, თუმცა, როგორც ჩანს, არასახარბიელო შედეგი დროებითი აღმოჩნდა, რადგან ლარი თანდათან მყარდება. სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორი, რაც კურსზე მოქმედებს, ისედაც არ არის შეცვლილი და გაუარესებული, პოლიტიკური დაძაბულობა და ნეგატიური მოლოდინიც, ამ დროისთვის, მოხსნილია. შესაბამისად, ეროვნულ ვალუტას პრობლემები აღარ ელის და ნელ-ნელა მყარდება. 

დღე დღეზე ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევა. ქვეყანაში უცხოური ვალუტის კონვერტაცია მოხდება, რაც ლარს გამყარებაში დაეხმარება. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს ინფლაციური წნეხი გაიზარდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის შედარებიტ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, რაც ასევე დაეხმარება კურსს სტაბილურობაში. 

როგორც ეკონომისტმა და საბანკო სფეროს სპეციალისტმა ვახტაგ ხომიზურაშვილმა განაცხადა, კურსთან დაკავშირებული არასახარბიელო მოლოდინი  სრულიად განეიტრალებულია, ამიტომ ლარი კალაპოტში ჩადგება.

„მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური დაძაბულობის გამო შექმნილი აჟიოტაჟი და უარყოფითი მოლოდინი ბაზარზე გამქრალია. ყველაფერს თავისი ციკლი აქვს და ეს საკმაოდ მოკლევადიანი აღმოჩნდა. შეიძლება დღეებიც დაითვალოს, უბრალოდ, დომინოს ეფექტი ჰქონდა 1-2 კვირის განმავლობაში. კურსთან დაკავშირებული ცუდი მოლოდინი დღეს აღარ არსებობს, ამიტომ ლარი ჩვეულებრივად კალაპოტში ჩადგება.

ტურისტულ სეზონზე საკმაოდ ინტენსიური ნაკადი იქნება ამიტომ, თავისთავად, დოლარის და ევროს კონვერტანცია აქტიურად დაიწყება. ამ გარემოებამ, გარკვეულწილად, შეიძლება გაამყაროს კიდეც სავალუტო კურსი, რაც უფრო მეტად ივლისის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. 

მთავარია, რომ კურსმა შეინარჩუნოს მცირე მერყეობის დიაპაზონი. ეს არის ყველაზე ნორმალური სიტუაცია, რადგან კურსის მკვეთრი გამყარება მთლად პოზიტიური მოვლენა არ არის.

მონეტარული პოლიტიკა თავისთავად მკაცრია. ეროვნული ბანკი შეძლებისდაგვარად ზღუდავს ფულადი მასის  ზრდას. მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ლარის გამყარებაზე მოქმედებს, თუმცა ეს რაღაც დიაპაზონში უნდა იყოს, რადგან გადამეტებული და ზედმეტად გამკაცრებული მიდგომა ეკონომიკაზე კარგად არ მოქმედებს. ასე რომ, ეროვნულმა ბანკმა უნდა მონახოს ოქროს შუალედი, სადაც არც შამფურს დაწვავს და არც მწვადს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ხომიზურაშვილმა.  

„ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე, გუშინ დღის ბოლოს, ერთი დოლარის ფასმა 2.76 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7860 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე ხნის წინ კურსი 2.87-მდე იყო გაუფასურებული.  

ეკონომისტთა დიდი ნაწილი იმაზე თანხმდება, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების არავითარი რეალური მიზეზი არ არსებობდა, ამიტომ დევალვაცია მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციამ გამოიწვია, რომლის ეფექტი სავალუტო ბაზარზე უკვე ამოიწურა, ამიტომ შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება. 

როგორც საბანკო სფეროს ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, კურსი დაახლოებით 2.74-2.80-ის ფარგლებში იქნება. 

„ლარის კურსი რომ გამყარდებოდა, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. ეროვნუი ვალუტა მყარდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ტურისტული სეზონი დაიწყო და მალე აქტიურ ფაზაში შევა, არამედ სტაბილურობა აგრეთვე დამოკიდებულია წმინდა მაკროეკომიკურ ფაქტორზე, მათ შორის საგადასახდელო ბალანსზე. 

წლის პირველ ნახევარში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. საშუალო წლიური მაჩვენებელი 9.3%-ია, ბოლო ორ თვეში (აპრილ- მაისში) კი ორნიშნა მატება გვქონდა, ანუ 10%-ზე მეტი. გაუმჯობესებული მაკროპარამეტრები, ბუნებრივია, პირდაპირ ზემოქმედებს სავალუტო კურსზე. აქედან გამომდინარე, შემდგომ თვეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციას. 

ლარი დაახლოებით იმ ნიშნულზე ჩამოვა, საიდანაც დაიწყო გაუფასურება, ვგულისხმობ აპრილ-მაისის საპროტესტო გამოსვლებს. გაცვლით კურსს 2.74-2.80-ის ფარგლებში ვვარაუდობ და მგონია, რომ უფრო ქვევითაც იქნება. 

დღეს კურსი კორექტირდება იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებით, რაც რეალობას შეესაბამება. ეროვნული ვალუტა ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ორჯერ იყო დიდი რყევა და ეროვნული ბანკი იძულებული გახდა ჩარეულიყო და ინტერვენცია მოეხდინა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სებ-ი სავსებით სწორად მოიქცა, როცა დროულად ჩაერია საქმეში და ჩააცხრო პანიკა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სანამ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებდა, ლარის კურსი 2.66-2.67-ის ფარგლებში იყო. შემდეგ ეროვნული ვალუტა 19-20 პუნქტით გაუფასურდა და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე დოლარი ფასმა 2.87-მდე მივიდა.

ვარდნის შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა, საერთო ჯამში, სამი ინტერვენცია განახორციელა. 3-კვირიან პერიოდში სებ-მა 168.7 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა სტაბილიზაციის მიღწევა ვერ მოხერხდა. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა. ეკონომისტების ნაწილმა კი ხელი კომერციული ბანკებისკენ გაიშვირა. 

ლარმა ეს აჟიოტაჟური პერიოდი გადალახა და ბოლო დროს თვალში საცემად მყარდება, რაც ეკონომისტთა თქმით, მთელი ზაფხულის პერიოდში გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×