რეზონანსი
25.06.2024

სპორტული მედიისთვის მთავარ ინტრიგად რჩება, შედგება თუ არა გელზენკირხენში ორი შვიდიანის - ქართველი და პორტუგალიელი ვარსკვლავების დუელი. იტალიის ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელია პირველადაა ევროპის ჩემპიონატზე, მისი ბავშვობის კერპს - კრიშტიანუ რონალდუს კი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე 49-ჯერ აქვს ნათამაშევი. თუ ხვალ მოედანზე გავა, ის გახდება პირველი ევროპელი ფეხბურთელი, რომელსაც ამ ორ ტურნირზე 50 მატჩი ექნება ჩატარებული.

თუმცა, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჯერ არავინ იცის. მწვრთნელები - ესპანელი რობერტო მარტინესი და ფრანგი ვილი სანიოლი სასტარტო შემადგენლობას ჯერ არ ამხელენ.

"ვღელავთ და გვიხარია", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის უდიდესი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა, თუმცა ვილი სანიოლი, ამავე დროს, ცუდ ხასიათზეც დააყენეს. ამის მიზეზი დილეტანტების მხრიდან მუდმივი ჭკუის სწავლებაა - ვინ ათამაშოს მოედანზე და ვინ დასვას სათადარიგო სკამზე?

ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ფრანგი მწვრთნელი იღებს, რომელსაც თავადაც არაერთხელ აქვს ნათამაშები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ასე რომ, ხვალინდელ შემადგენლობას ვილი სანიოლი ხვალ დაასახელებს. ამ ეტაპზე კი, მხოლოდ ის ვიცით, რომ კიტეიშვილი ფორმაშია.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის იმედს არ კარგავს. პორტუგალიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება. მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბოლომდე ბრძოლისა და სანახაობრივი თამაშის პირობა დადო.

მაღალია საზოგადოების ინტერესი ბუდუ ზივზივაძის მიმართ. რატომ დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ბოლო მატჩში ლუქსემბურგთან დუბლის ავტორი სათადარიგოთა სკამზე? ვილი სანიოლის პასუხი მკაფიო და კატეგორიული იყო.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. წარმატების მიღწევა რთულია, მოწინააღმდეგე - გამოცდილი და ძლიერი. პორტუგალიამ ჯგუფში ორივე თამაში მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ ითამაშებს.

გუნდმა დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი უკვე გაიარა. ფერბერტში ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მწყობრშია ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც, ტრავმის გამო, ჯერ არ უთამაშია. ბოლო მატჩში აღებული ისტორიული ქულის შემდეგ, მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ფეხბურთელები ბრძოლასა და თავდადებას გვპირდებიან.

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა გელზენკერხენში - ველტინს არენაზე გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×