რეზონანსი
29.06.2024

პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე მორიგ მიმართვას ავრცელებს და განვლილი უმძიმესი დღეების შესახებ წერს:

"ავაცილე ჩემი გიო უკანასკნელ გზაზე. მთელი დღეა, ვცდილობ, სიტყვებს თავი მოვუყარო და რაღაც დავწერო. მადლობა გადავუხადო იმ ათასობით ადამიანს, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში გვეხმარებოდნენ, მხარს გვიჭერდნენ, ღელავდნენ, ელოდნენ, დარდობდნენ ჩვენთან ერთად.

არ ვიცი, რამ მომცა ძალა, ეს ცხრა დღე გადამეტანა. ცხრა დღე, რომელიც მთელ დანარჩენ ცხოვრებას, წლებს, რომელიც გავიარე და რომელსაც მომავალში გავივლი, ერთად აღებულს, უდრის. 

უკვე ბუნდოვნად მახსოვს ეს დღეები. თითქოს რაღაც სიზმარი ვნახე, ცუდი სიზმარი, გამომეღვიძა და ახლა სიზმრის ფრაგმენტებს ვიხსენებ. ალბათ ადამიანს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მეორე სუნთქვა ეხსნება. არ ვიცი, საიდან, მაგრამ პოულობს ძალას, რომ ფეხზე იდგეს და იბრძოლოს. ექვსი ღამის მანძილზე ჯამში ალბათ 3-4 საათი მეძინა. ეს, თეორიულადაც თუ შესაძლებელი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, მე კი ვიდექი. მეექვსე დღეს თავად ვიჯექი საჭესთან, როცა მთაწმინდაზე და შემდეგ, ლილოში ვეძებდი გიოს. ისე ვიყავი მომართული, დარწმუნებული, რომ ცოცხალს ვეძებდი, რომ საპირისპიროში ვერავინ დამარწმუნებდა. ოდესმე ალბათ ამ დღეებზე რაღაცას დავწერ, ახლა კი ჯერ მხოლოდ მადლობს თქმა მინდა.

ყველასთვის, ადამიანების მთელი ჯარისათვის - მეგობრების, მეზობლების, ნათესავების, ნაცნობების, უცნობების, გამვლელების, გამომვლელების... რა ვიცი, ყველას მიმართ. 

მსგავსი რამ არც მინახავს და არც მსმენია, რაც ამ დღეებში ხდებოდა. და ასეთი ხმაური  ყველაზე თავმდაბალმა და უხმაურო ადამიანმა გამოიწვია.

ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ რეალობა დავიჯერო. კიდევ უფრო დიდი, რომ შევეგუო. და თითქმის არ არსებობს დრო, რომლის მანძილზეც ამის დავიწყებაა შესაძლებელი.

გიოს თავისი გახარებული ვაზის ტოტი და ყურძნის მტევანი გავატანე, ასე რომ ამაყობდა. და ცნობილი ყვითელი ვარდის ტოტებიც, რომელთაც კალმავდა და ყველას ურიგებდა, მერე ეკითხებოდა, ხომ გაიხარაო. ვისაც გაჩუქათ, მოუარეთ და გაახარეთ, გთხოვთ. გიოს გაუხარდებოდა.

მათე ასე დაემშვიდობა მამას : Goodbye forever!

მე კი უბრალოდ: მშვიდობით, გიო! სულ მეყვარები! 

ესეც ჩვენი ბედნიერი ოჯახი!“ - დაწერა ირმა მალაციძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×