ელზა პაპოშვილი
09.06.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები უკვე დაუწესა. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი რამ ევროკავშირისაგან და როდის გახდება ცნობილი მათი გადაწყვეტილების შესახებ? ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაირკვევა, როდესაც ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით თავის რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ივნისის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკვე შედგა დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით. მაშინ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან აუცილებლად იქნება რაიმე სახის საპასუხო ქმედება საქართველოს მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე, რაც შეფასდა, როგორც დემოკრატიის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევა.

საბოლოოდ გადაწყვეტილება კი ევროკავშირის სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 27-28 ივნისს ბრიუსელში იგეგმება.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან რაიმე რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. პრაქტიკულად ყველა ტიპის სანქციას, იქნება ეს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება თუ აშშ-ის მსგავსად პერსონალური სავიზო სანქციების დაწესება, გაერთიანებში შემავალი 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭრდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ კი აჩვენა, რომ ამასთან დაკავშირებით გაერთიანების სხვადასხვა წევრებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

მაგალითად, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნების ნაწილი სანქციებს ემხრობოდა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებაზე მოლაპარაკების გახსნა მოითხოვა.

ყველაზე რეალური ვარიანტი

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა შესაძლო გადაწყვეტილება განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე ევროკავშირისგან არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და არც პერსონალურ სანქციებს არ უნდა ველოდოთ. მისივე პროგნოზით, დიდი ალბათობით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთან არ დაიწყოს მოლაპარაკება ებროკავშირშ გაწევრიანებაზე და ყველაფერი ამით შემოიფარგლება.

„ახლა ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ზომების შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონს. ეს მოხსენება გამოქვეყნდება, ალბათ, მომავალ კვირას და შემდეგ ევროკავშირს ექნება ორი დისკუსია, ჯერ საგარეო მინისტერიალზე და შემდეგ კიდევ ერთ სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი განხილული იქნება.

„ყველა ზომა განიხილება, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა არ ეთანხმება, რადგან ეს ზიანს მოუტანს ყველას საქართველოში, თუმცა, ეს არის ამასთანავე ერთადერთი ზომა, რომელსაც არ სჭირდება ერთსულოვნება, თუმცა ამაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ წავიდნენ. სანქციების დაწესების შემთხვევაში კი საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, უნგრეთი და სლოვაკეთი კი ამას დაბლოკავენ. ასევე, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რასაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არდაწყება ჰქვია, რაც ყველაზე მეტად სავარაუდოა“, - თქვა იოზვიაკმა. 

ევროპული ორგანიზაციების მიმართვა

ამის პარალელურად, ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, რომ, „ეცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.

7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს, მიემართებათ: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები - უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, - რათა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ.  

მოსალოდნელი სცენარები 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ევროკავშირი თვის ბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტლებებს რომ მიიღებს, ეს უკვე აშკარაა. თუმცა, მისი პროგნოზით, ამ ეტაპზე რადიკალურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

„რიგ საკითხებთან დაკავშირებით მართალია, 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაა საჭირო, ხოლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში 15 ქვეყნის თანხმობაც საკამრისი იქნება. ცალკეულ მოქალაქეებზე სანქციების დაწესებას, ანუ სავიზო შეზღუდვებს კი მგონი სრული თანხმობა სჭირდება. ამიტომ, ჩემი აზრით, ევროკავშირი მაინც ამ ეტაპზე გადაიხრება იქით, რომ „ოცნების“  და მათი ოჯახის წევრებს შეუზღუდოთ და აეკრძალოთ ევროკავშირში შესვლა. თუმცა აქ, როგორც ვიცი, უნგრეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგობა არსებობს. ამიტომ რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება. 

„მაინც არ მგონია, რომ ხალხს შეეხონ, რადგან ეს უფრო ქვეყნის დასჯის  ტოლფასი იქნება. თუმცა პასუხი აუცილებლად იქნება, რადგან „ოცნება“ უკვე ისე გავიდა ყველანაირი ჩარჩოებიდან, რომ თუ ადეკვატური პასუხი არ მიიღო პარტნიორებისგან, ეს თავგასულობა უკვე ქვეყანას და ხალხს აზიანებს. ცინიკურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მიუხედავად მათი მხრიდან კრიტიკისა და 12 რეკომენდაციის არშესრულებისა, კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვცეს, ანუ ჩვენი გავიტანეთო. ამიტომ მათი გონზე მოყვანაა საჭროა.   

„თუმცა, თუკი (საპარლამენტო) არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, არაა გამორიცხული, რომ უკვე სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებს დაუწესდეს. მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნებს დაელოდებიან და ძალიან ხისტ ნაბიჯებსაც არ გადადგამენ. თუმცა, „ოცნება“ პასუხს რომ მიიღებს, ესეც ფაქტია“, - ამბობს ჩიტაძე.

დიპლომატ გიგი გიგიაძის თქმით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა და ამ რანგში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი იყო, ასევე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სამიტი საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ კონკრეტულად გვქონდა ასევე ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან, რომ თუ მიიღებდნენ ამ კანონს, რომელიც ევროკავშირისთვის და მისი ფასეულობებისთვის სრულიად უცხოა, ამას ევროკავშირიდან მოჰყვებოდა რეაგირება და საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები შეჩერდებოდ. აქ საუბარი იყო არა მარტო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, არამედ აქამდე უკვე არსებულ ფორმატებზე - კანდიდატის სტატუსზე და ვიზალიბერალიზაციაზეც. 

„ამიტომ ასევე  გერმანიის ელჩის განცხადება რატომ იყო ვინმესთვის გასაკვირი?! ჩვენ ვიცით, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი დიდი  მხარდამჭერი ქვეყანაა. ყველაზე წონიანი ხმა ევროპაში ახლა ამ ქვეყანას გააჩნია. ამიტომ ელჩის ეს განცხადებები უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ „ოცნება“ პასუხს მიიღებს. 

„წლების განმავლობაში ქართველი დიპლომატები ვცდილობდით, რომ გერმანია ყოფილიყო საქართველოსთვის გამწევი ძალა, აეღო ვალდებულება და ინიციატივა საქართველოსთან მიმართებაში, რათა ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო როგორც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ასევე ნატოსთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ელჩი თავისი ქვეყნის პოზიციას აჟღერებს - ეს არ არის პირადი მოსაზრებები. ამიტომ მოლოდინი არის, რომ ასევე „ოცნების“ წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვები დაწესდება. ვინ იქნებიან და რამდენ ადამიანზე შესაძლოა საუბარი იყოს, პროგნოზის გაკეთება  რთულია, თუმცა რეაგირების გარშე ეს პროცესები რომ არ ჩაივლის, ფაქტია“, - ამბობს დიპლომატი.  

გიგიაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის სამიტამდე მოსალოდნელია, გაერთიანებაში შემავალი სხვა ქვეყნების ელჩებმაც, გერმანიის ელჩის მსგავსად, ღიად დააფიქსირონ პოზიცია. შესაბამისად, ბევრი რამ, თუ როგორი იქნება ევროკავშირის პასუხი და სამიტის გადაწყვეტილება, შეიძლება ჯერ კიდევ სამიტამდე გაირკვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×