საბოლოო ჯამში კომპანიებს ე.წ. "იაფი უცხოელები" უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე ადგილობრივ კადრებთან ურთიერთობა
ქეთო გოგოხია
24.08.2026

უცხოელი მუშახელის შემოყვანის მცდელობამ ადგილობრივ ბაზარზე დიდად ვერ გაამართლა. ბიზნესმა ამით რეალურად ვერ მოიგო, რადგან ხარჯი გაეზარდა, შესაბამისად, დასაქმების თვალსაზრისით, გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რასაც სექტორში ადასტურებენ. როგორც აღმოჩნდა, ბაზრის მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრის დეფიციტია.

დამსაქმებელთა ასოციაციაში პირდაპირ აცხადებენ, რომ უცხოური მუშახელი იაფი ალტერნატივა არ არის. ასოციაციის იურისტის, ვახტანგ შურღაიას თქმით, უცხოური მუშახელის მოზიდვა ბიზნესისთვის დამატებით ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

,,ზოგადად, უცხოეთიდან ჩამოყვანილი კადრები არ არის იაფი, უმეტეს შემთხვევაში ეს კომპანიებისთვის უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივების დასაქმება. შესაბამისად, თუ ადგილობრივ ბაზარზე არსებობს შესაფერისი კადრი, უცხოელით მისი ჩანაცვლება არ მოხდება", - აღნიშნა შურღაიამ.

უცხოელი იაფი მუშახელის პრობლემა ძირითადად უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ლოგისტიკა, განთავსება და სხვა რიგი პრობლემები, რის მოგვარებაც უწევს კომპანიას ან დასაქმებულს, ადგილობრივი კადრისგან განსხვავებით. 

მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. გამოსავლად სახელდება განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში ინვესტიციების გაზრდა, თუმცა ეკონომიკის ზრდის პირობებში მხოლოდ ადგილობრივი რესურსი მოთხოვნას სრულად მაინც ვერ გადაფარავს.

გარდა ამისა, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა საქართველოში შემოსულ მიგრანტთა როგორც გეოგრაფიული, ისე პროფესიული სტრუქტურა.

დამსაქმებელთა ასოციაციის განმარტებით, მიგრანტების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც საქართველოს უშუალო მოსაზღვრე ქვეყნებს, ისე ინდოეთსა და შუა აზიის რეგიონს. უცხოელი მოქალაქეები ძირითადად სამ მიმართულებაში არიან გადანაწილებულნი: "აიტი" სექტორი, მშენებლობა და მომსახურების სფერო.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის განცხადებით, უცხოელ მუშახელთან დაკავშირებით სექტორში რამდენიმე პრობლემა და გამოწვევა იკვეთება. მათ შორის, კვალიფიკაციის დაბალი დონე, ენობრივი და კომუნიკაციური ბარიერი, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციები და  ხარჯების ზრდა.

„უცხო სამუშაო ძალის შემოყვანა ბაზარზე  არსებული კადრების დეფიციტის ფონზე აუცილებელ ზომად იქცა, თუმცა ეს პროცესი სერიოზული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. მთავარი პრობლემა ჩამოსული მუშახელის დაბალი კვალიფიკაცია და ენობრივი ბარიერია, რაც პირდაპირ აისახება სამუშაოების ტემპზე, ხარისხსა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტზე.

ამასთან, იაფფასიანი სამუშაო ძალის მითი ხშირად მცდარია - კომპანიებს უწევთ დამატებითი ხარჯების გაღება ლოგისტიკაზე, საცხოვრებელსა და საბუთების მოწესრიგებაზე. რეალურად გამოსავალი არა უცხოელი მუშახელის იმედზე ყოფნაა, არამედ ადგილობრივი პროფესიული განათლების გაძლიერება და შრომის პირობების იმ დონემდე გაუმჯობესება, რომ ქართველებმა ქვეყნიდან წასვლას აქ დარჩენა არჩიონ", - განუცხადა ჭელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ანალოგიური მოსაზრებისაა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლი შოთა ბურჯანაძე, რომლის  შეფასებით, სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო სექტორში უცხოურ სამუშაო ძალასთან დაკავშირებით თითქმის იდენტური გამოწვევებია, თუმცა სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება.

„სტუმარმასპინძლობის სექტორში უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იძულებითი ნაბიჯია, რადგან ადგილობრივი კადრების კატასტროფულ დეფიციტს განვიცდით. მთავარი პრობლემა ენა და კომუნიკაციაა - როდესაც პერსონალმა ენა არ იცის, ეს პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხსა და სტუმრის კმაყოფილებაზე.

ამას ემატება დაბალი კვალიფიკაცია, რის გამოც რესტორნებს ადგილზე სწავლების ჩატარება უწევთ. გარდა ამისა, უცხოელი მუშახელი ხშირად დროებით რჩება და ქვეყანას ტოვებს. პრობლემის ფუნდამენტური გადაჭრა მხოლოდ პროფესიული განათლების პოპულარიზაციითა და ადგილობრივი კადრების მოტივირებით არის შესაძლებელი, რათა სექტორმა სტაბილური და ხარისხიანი სერვისის შენარჩუნება შეძლოს“ - აღნიშნა ბურჯანაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მომავალშიც მოსალოდნელია კადრების დეფიციტი მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს მაძიებელთა დიდი არმიაა ქვეყანაში.

,,ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესმა ეს რეგულაცია კარგად გადაიტანა. გარკვეული სირთულეები არის, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება და ბიუროკრატიული პროცედურები, მათ შორის, ნებართვების გაცემის ვადები და კვოტები, კომპანიებისთვის კადრების სწრაფად და ლეგალურად მოზიდვას რთულ პროცესად აქცევს. ცხადია, არის არალეგალური დასაქმების ფაქტებიც.

ბიზნესოპერატორების საქმიანობა ამაზეა დამოკიდებული რამდენად უღირთ არალეგალური დასაქმება და გასწევენ თუ არა რისკს.  აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ მუშახელი ვერ იძებნება,  კადრი ჭირს, ნებისმიერ სექტორში ეს პრობლემაა, ამდენი სამუშაოს მაძიებლის ფონზეც კი", - აღნიშნა ბურჯანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი გაძლიერდა. პრემიერის თქმით, გასული 12 თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალის გაძევება მოხერხდა, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში. წლიური გეგმა მინიმუმ 4 ათასი არალეგალის გაძევებას ითვალისწინებს, რამაც დაახლოებით 4 წელიწადში ქვეყანა ამ პრობლემისგან სრულად უნდა გაათავისუფლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×