
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მოდულური სკოლები განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 22 450 000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. ხელისუფლების ამ ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეების დროულად შექმნა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, არის თუ არა მოდულური სკოლები პრობლემის გადაჭრის რეალური გზა და რა გარანტია არსებობს, რომ ტენდერით განსაზღვრული პირობები დროულად შესრულდება.
მოდულური სკოლები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი, სასწავლო სივრცეებისგან აწყობილი სასკოლო კომპლექსებია, რომელთა ადგილზე მონტაჟი უმოკლეს დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში, მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. მოდულური სკოლების საშუალებით, მოსწავლეები შეძლებენ, რომ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე, ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას. რაც მთავარია, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა, კერძოდ, 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.
მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისი ზომისა და დაგეგმარების ერთიანი სასკოლო სივრცის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი განსხვავებული კონფიგურაციითა და ორ სართულად განთავსებაც.
ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეო-მეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი - კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოდულები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და ექსპლუატაციაში არმყოფი. მათი კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს მრავალჯერადი ტრანსპორტირების, მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას. მოდულების მიწოდებისა და მონტაჟის არეალი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, კონკრეტული ლოკაციები კი შემსყიდველის წერილობითი დავალებით განისაზღვრება.
ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის გამოცდილების მოთხოვნაც არის განსაზღვრული. პრეტენდენტს ან საქონლის მწარმოებელს 2021 წლის 1 იანვრიდან, ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე პერიოდში, მსგავსი ტიპის მოდულების მიწოდების ან წარმოების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მოთხოვნილი გამოცდილების ჯამური ღირებულება არანაკლებ 90 000 ლარს უნდა შეადგენდეს, რაც მითითებული ღირებულების მხოლოდ 0.4%-ია. ასეთი მცირე მოცულობის გამოცდილება სავარაუდოდ მოთხოვნილია იმიტომ, რომ მსგავსი ობიექტი აქამდე საქართველოში, ფაქტობრივად, არ განთავსებულა.
ტენდერის თანახმად, მიმწოდებელს, საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდებისა და მონტაჟის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მოდულებისთვის განსაზღვრულია საგარანტიო ვადებიც, კერძოდ, კონსტრუქციისა და გარე შემოსვისთვის - არანაკლებ 10 წელი, საინჟინრო სისტემებისთვის - არანაკლებ 5 წელი, გათბობა-გაგრილების სისტემებისთვის კი - არანაკლებ 2 წელი. მოდულების ექსპლუატაციის მინიმალურ ვადად 10 წელია განსაზღვრული.
ახალი სკოლების მშენებლობისა და ხშირ შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი ხშირად ირღვევა. ზოგჯერ, ერთი სკოლის მოსწავლეებს რამდენიმე სკოლაში ანაწილებენ, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. „რეზონანსთან“ საუბრისას, განათლების ექსპერტმა მუხრან გულიაშვილმა აღნიშნა, რომ ქარხნული მოდულური სკოლების განთავსება ამ პრობლემის მოგვარების რეალური და საკმაოდ კომფორტული ალტერნატივაა.
„საინტერესო იდეაა, რადგან მართლაც არსებობს პრობლემა, რომ სკოლები გადატვირთულია. ბევრი სკოლა შენდება და ვფიქრობ, საინტერესო გადაწყვეტილებაა. მახსოვს, ადრე მიწისძვრა მოხდა ჩვენს რაიონში, სადაც ვცხოვრობდი, დადგეს ვაგონები და იქ ვსწავლობდით. ამიტომ, მთავრობის ეს ინიციატივა საკმაოდ საინტერესო მგონია. პრობლემა რომ წარმოიქმნება, აუცილებლად უნდა მოიფიქრო მისი გადაჭრის გზა. შესაბამისად, დიახ, სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, ერთ სკოლაში, სადაც, პირობითად, 500 ბავშვი უნდა სწავლობდეს, 1 500 ბავშვს ასწავლიან, ამიტომ მოდულური სკოლების განთავსება სჯობს, რა თქმა უნდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ მუხრან გულიაშვილმა.
კითხვაზე, რა გარანტია არსებობს იმისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია პირობებს სრულად დააკმაყოფილებს, რადგან ხშირია ტენდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები და კორუფციის ნიშნები, მუხრან გულიაშვილმა გვიპასუხა, რომ ეს საკითხი ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროების, ასევე ძალოვანი უწყებების კომპეტენციაში შედის.
„აუცილებელია სატენდერო პირობების სრული კონტროლი, მაგრამ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემს კომპეტენციაშია არ შედის. რაც შეეხება ინიციატივას, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესოა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ მუხრან გულიაშვილმა.
მოდულური სკოლების შესყიდვის იდეა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს - ასე განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ და აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფოს მოკლე ვადაში სჭირდება უსაფრთხო და სრულფასოვანი სასწავლო სივრცე, ქარხნული მოდულური სკოლა შეიძლება იყოს სწრაფი და პრაქტიკული გამოსავალი.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება აღქმული იყოს არა, როგორც ახალი სკოლების მშენებლობის შემცვლელი, არამედ, როგორც დროებითი, მოქნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკრეტულ საჭიროებას სწრაფად პასუხობს. ამ თვალსაზრისით, ტენდერის გამოცხადებას თავისი ლოგიკა აქვს. მოდულური შენობის უპირატესობა, სწორედ მისი სწრაფი დამონტაჟება, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება და ხელახალი გამოყენებაა. ეს სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, სკოლებში არსებული სივრცითი პრობლემა შედარებით მოკლე ვადაში მოაგვაროს და ბავშვებს ნორმალური სასწავლო გარემო არ შეუზღუდოს.
ამასთან, დადებითად უნდა შეფასდეს თავად სატენდერო მოთხოვნების დეტალიზაციაც. საუბარია არა უბრალოდ „კონტეინერებზე“, არამედ ახალ, ქარხნულად დამზადებულ, ექსპლუატაციაში არმყოფ მოდულებზე, რომლებსაც შესაბამისი საინჟინრო სისტემები, უსაფრთხოების სტანდარტები და სხვადასხვა კლიმატურ-სეისმურ პირობებთან შესაბამისობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ კარგი იდეის წარმატება საბოლოოდ შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.
რაც შეეხება კორუფციის შესაძლო რისკებს ტენდერში და უშუალოდ ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული სიზუსტით დაცვას, გიორგი ცუცქირიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და სანდო გახადოს. მისი თქმით, თითოეული მოდულის წარმოების თარიღი, მწარმოებელი, სერიული ნომერი და შესაბამისობის დოკუმენტაცია იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. გარდა ამისა, მიღებამდე, პროდუქციამ უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება.
„კიდევ უფრო მაღალი ნდობისთვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზის გამოყენებაც. ამ შემთხვევაში, „ახალი და გამოუყენებელი“, უბრალოდ, სატენდერო ჩანაწერი აღარ იქნება და ის გახდება კონკრეტული, შემოწმებადი მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დარწმუნდეს, რომ 22.5 მილიონი ლარის ფარგლებში შეძენილი მოდულები ნამდვილად ის პროდუქტია, რომელიც სახელმწიფომ მოითხოვა.
თუ ტენდერი ჩატარდება გამჭვირვალედ, შერჩევა იქნება კონკურენტული, ხოლო მიღებული მოდულების ხარისხი დამოუკიდებლად და საჯაროდ შემოწმებადი, მაშინ მოდულური სკოლები შეიძლება იქცეს არა მხოლოდ დროებით ინფრასტრუქტურულ გამოსავლად, არამედ ეფექტიანი სახელმწიფო შესყიდვის კარგ მაგალითად და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და წარსულის ცალკეული, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ცუცქირიძემ.