ანზორ მესხიშვილი: ,,მაღალი აგროხარჯების გამო, ფერმერების ნაწილმა ვერ შეძლო ფართობების სრული დატვირთვით დამუშავება ან იძულებული გახდა, დაზოგილი რესურსებით ემოქმედა“
ქეთო გოგოხია
26.08.2026

წელს სიმინდის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა მოსავალი შარშანდელთან შედარებით, შესაძლოა, შემცირდეს. ამის მიზეზი მოსავლის მოყვანის მაღალი თვითღირებულებაა, რაც ძირითადად დიზელის გაძვირებამ გამოიწვია. რეგიონებში ამბობენ, რომ ფაროსანასთან დაკავშირებული გამოწვევა დარგში დაძლეულია, რასაც სახელმწიფოს მიერ ჩატარებულმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებმა შეუწყო ხელი, თავის მხრივ მოსახალეობამაც შეძლებისდაგვარად მოუარა ნატეს ფართობებს, მაგრამ არსებული გამოწვევების ფონზე დიდი ფართობები ვერ დამუშავდა.

აგრარულ სექტორში სიმინდის მიმდინარე სეზონმა თავისი სპეციფიკური გამოწვევები გამოკვეთა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი ადასტურებს, რომ წინა წელთან შედარებით, წელს სიმინდის ხარისხობრივი მაჩვენებლები საგრძნობლად უკეთესია, თუმცა მოსავლის საერთო რაოდენობა შემცირებულია.

ექსპერტის განმარტებით, დიზელის გაძვირებამ პირდაპირი დარტყმა მიაყენა ფერმერულ მეურნეობებს. საწვავზე გაწეულმა  დანახარჯებმა მკვეთრად გაზარდა ნიადაგის დამუშავების, დათესვისა და მოსავლის აღების თვითღირებულება. შექმნილმა ფინანსურმა წნეხმა აიძულა მწარმოებლები, შეემცირებინათ დამუშავებული ფართობები ან დაზოგილი აგროტექნიკური რესურსებით ემოქმედათ, რამაც საბოლოო ჯამში საერთო მოსავლიანობის კლებას განაპირობებს. 

„როგორც შეეძლო, სახელმწფო სოფლის მეურნეობის დარგს ეხმარება და ამის შედეგი პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში იგრძნობა. არის გარკვეული წინსვლა, თუმცა რიგი გამოწვევები მაინც რჩება.   წელს მიღებული სიმინდი უკეთესი ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა, თუმცა საერთო მოსავალი წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. მაღალი აგროხარჯების გამო, ფერმერების ნაწილმა ვერ შეძლო ფართობების სრული დატვირთვით დამუშავება ან იძულებული გახდა, დაზოგილი რესურსებით ემოქმედა, რამაც საბოლოო ჯამში მიღებული მოსავლის მოცულობაზე უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად,  ქვეყანაში არსებული ნათესი ფართობები და საშუალო მოსავლიანობა ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას“, - აღნიშნა ანზორ მესხიშვილმა.

მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ ადგილობრივმა მაღალხარისხიანმა პროდუქციამ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და შიდა დეფიციტი არ გაღრმავდეს, აუცილებელია აგრარულ სექტორში საწვავსა და ძირითად რესურსებზე მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება.

„ხარისხი მაღალია, მაგრამ დიზელის სიძვირე ტვირთად გვაწევს“ - ასეთია  სიმინდის სეზონზე ზუგდიდელი ფერმერის შეფასება. 

კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მცხოვრები ფერმერი რუსლან ჩაკაბერია მიმდინარე წლის სიმინდის მოსავალს აფასებს და აცხადებს, რომ შრომისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, პროდუქციის ხარისხი საკმაოდ მაღალია, თუმცა საწვავის სიძვირე სექტორს სერიოზულ გამოწვევად რჩება.

„წელს ხარისხის მხრივაც და რაოდენობრივადაც დიდი ჩამორჩენა არ გვაქვს, თუმცა გამოწვევა მაინც არსებობს, რაც გაზრდილ თვითღირებულებას უკავშირდება. მართალია,   მთავრობა დაგვეხმარა წამლობაში და ჩვენც დიდი შრომა გავწიეთ,  მთავარი პრობლემა მაინც დიზელის სიძვირე აღმოჩნდა. ამის გამო იძულებულები გავხდით, ნაკლები ხარჯი გაგვეწია. დღეს 1 ჰექტარი ფართობის დათესვა და მოვლა დაახლოებით 1000 ლარს მოითხოვს. რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, 1 ფუთი სიმინდი 23-25 ლარის ფარგლებშია - დაახლოებით იგივე ღირდა შარშანაც“, - უთხრა „რეზონანსს“ რუსლან ჩაკაბერიამ.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სიმინდის მოსავალი შემცირდა, მუშა ხელთან დაკავშირებული პრობლემაა. განსაკუთრებით გურიაში, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობა უმეტესწილად ემიგრაციაშია. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანების მცხოვრები გიზო  სიორიძე ამბობს, რომ ყველა ტრადიციულ დარგს უჭირს.

,,წლიდან წლამდე მცირდება ნათესი ფართობები, ვისაც შრომა შეეძლო, უმეტესობა სოფლიდან წასულია. ძირითადად ასაკოვანი ხალხია დარჩენილი ან ზარმაცები, რომლებსაც არ სურთ შრომა და ოჯახის წევრების გამოგზავნილ ფულს ან სოციალურ დახმარებებს სჯერდებიან.  ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველ;ა ტრადიციულ დარგს უჭირს. თუ რფამე კეთდება, მსხვილი ფერმერული მეურნეობებია, რომლებიც წარმოების ზრდით და ექსპორტით არიან დაინტერესებული. ესეც უფრო მეხილეობა-მეციტრუსეობაში, მარცლოვანი კულტურების მიმართ ნაკლები ინტერესია. იგივე სიტუაცია არის მეჩაიეობაშიც, მოსავალი არც შარშან გვეყო, წელსაც არ გვეყოფა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიზო სიორიძემ.

ბოლო წლების დინამიკით (2024-2025 წლებში) სიმინდს საშუალოდ 65–68 ათასი ჰექტარი ეჭირა. 2026 წლისთვის მკვეთრი ცვლილება ნათეს ფართობებში მოსალოდნელი არ არის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალური პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიოში სიმინდის წარმოების მცირედი ზრდაა მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს.

სიმინდის გლობალური მარაგები 2.4%-ით (9.3 მილიონი ტონით) იმატებს. 

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. შეწამვლის პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ.

მიმდინარე წელს, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლის გავრცელების კერებში, სააგენტოს სპეციალური ტექნიკით 34 500 ჰექტარამდე ფართობი დამუშავდა. მავნებლის იდენტიფიცირების და დროულად რეაგირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოქმედებს მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით ხორციელდება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სიმინდის მოსავალმა 200.2 ათასი ტონა შეადგინა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×