
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება.
„ამ შეკითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ რეფერენდუმის დროს ხალხის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი იყოს. პასუხებზე სამუშაოდ კი სომხეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს. ეს პროცესი დიდ სამუშაოს მოითხოვს და ალბათ, ჩვენ ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ", - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობის დაახლოებამ რუსეთში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
„ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებამ გამოიწვია, მაგრამ, ეს ამის ფუნდამენტური მიზეზი არ არის. რუსეთში წარმოქმნილი შეშფოთების მთავარი მიზეზი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში დაწყებული ტრანსფორმაციაა.
ობიექტური და სუბიექტური ისტორიული გარემოებების გამო, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა აღქმული იყო, როგორც სამხედრო-უსაფრთხოების ხასიათის. ორი საუკუნის განმავლობაში სომხურ-რუსული ურთიერთობა შენდებოდა იმის საფუძველზე, რომ რუსეთი სომეხი ხალხისა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტია.
მე ეჭვი არ შემპარვია რუსეთის მზადყოფნაში, რომ ეს ფუნქცია შეესრულებინა, თუმცა, 2021, 2022 და 2023 წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია შეიძლება ზოგჯერ ამ როლის შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმარა და განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენით სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საკანონმდებლო წინააღმდეგობას წააწყდება".
„აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურებმა განიხილეს. ევროკავშირში განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს სტანდარტები ჩვენთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სწორედ აქ წავაწყდებით წინააღმდეგობებს, რომლებიც თავად სომხეთს დააზარალებს", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა სომხეთს მოუწოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოს.
„რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, მე რეკომენდაციას ვუწევ იმას, რომ თურქეთისა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოთ. მათი განაცხადის შეტანიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა", - აღნიშნა პესკოვმა.
გარდა ამისა, ნიკოლ ფაშნიანმა თქვა, რომ ძალიან მოხარული იქნება, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთავრობის პროგრამაში მითითებულია, რომ სომხეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში („ოდკბ") დაბრუნებასა და მუშაობის გააქტიურებას არ გეგმავს.
„ვიცი, რომ „ოდკბ"-ში დისკუსიები მიმდინარეობს, ხოლო წესდება ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას: ქვეყანა შეიძლება ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის „ოდკბ"-იდან გარიცხვის შესახებ. სულ მცირე, ეს გაგვათავისუფლებს ამ დილემისგან, გავიდეთ თუ არა", - განაცხადა ფაშინიანმა.
ექსპერტები და ანალიტიკოსები ამ ნაბიჯს სომხეთის საგარეო პოლიტიკის ისტორიულ შემოტრიალებად და სერიოზულ გეოპოლიტიკურ გარდატეხად აფასებენ.
მათი შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანის ეს განცხადება ადასტურებს, რომ სომხეთი საბოლოოდ ცდილობს გამოსვლას რუსეთის გავლენის სფეროდან, რადგან მოსკოვმა ყარაბაღის 2023 წლის მოვლენებისა და შემდგომი სასაზღვრო დაპირისპირებების დროს უსაფრთხოების გარანტორის ფუნქცია ვერ შეასრულა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ავტომატურად ნიშნავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის პროცესის დაწყებას, რადგან ორგანიზაციების საბაჟო და ეკონომიკური სტანდარტები ერთმანეთს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება.
პოლიტოლოგთა ნაწილი ხაზს უსვამს ეკონომიკურ რისკებსაც, რადგან სომხეთი ამჟამად მძიმედ არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებსა და რუსულ ბაზარზე, რის გამოც კრემლმა შესაძლოა ეკონომიკური ზეწოლის ან სანქციების ბერკეტები გამოიყენოს.
იმავდროულად, დასავლელი და ადგილობრივი მკვლევრები მიუთითებენ, რომ განაცხადის შეტანიდან რეალურ გაწევრიანებამდე ძალიან ხანგრძლივი და რთული გზაა, რომელსაც სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ბედი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
მოსკოვის პოზიცია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრისა და Chatham House-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, სომხეთის მიერ ასეთი ოფიციალური ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, რუსეთი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იმოქმედებს. მოსკოვი, სავარაუდოდ, პირველ რიგში ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს.
ეს შეიძლება გამოიხატოს სომხეთში გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გაზრდაში, ლარსის გამშვებ პუნქტზე სომხური პროდუქციის (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და კონიაკის) შემოწმებების გამკაცრებასა და ბლოკირებაში, ან ევრაზიული კავშირის ფარგლებში არსებული საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გაუქმებაში.
მათი აზრით, პოლიტიკური კუთხით, მოსკოვი გააძლიერებს საინფორმაციო წნეხს ფაშინიანის მთავრობაზე და შეეცდება სომხეთის შიდა პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას, რათა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა და ხელისუფლებაში კრემლისადმი ლოიალური ძალების მოსვლა წახალისდეს. უსაფრთხოების სფეროში რუსეთმა შესაძლოა ეტაპობრივად დაიწყოს თავისი სამხედრო წარმომადგენლობის შეკვეცა ან გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის სტატუსის გადახედვა, თუმცა ამავდროულად, შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის დარღვევით და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაახლოებით შეეცადოს ერევანზე დამატებითი ზეწოლის მოხდენას.