
სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათ. formebi.emis.ge - ეს არის ის ონლაინპლატფორმა, რომელიც დღეიდან უკვე ფუნქციურია. პირველი სექტემბრიდან მომხმარებლები საიტით ფორმების ყიდვასაც შეძლებენ. ონლაინ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია მოდელების, ზომების, ფასებისა და სარეალიზაციო პუნქტების მისამართების შესახებ.
ონლაინპლატფორმის გარდა, ფორმის შეძენა, პირველიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, სარეალიზაციო პუნქტებშია შესაძლებელი. ქვეყნის მასშტაბით, 83 სპეციალური სივრცე ფუნქციონირებს. 11-ვე რეგიონი პირველკლასელთა ფორმებით უკვე მომარაგებულია. თავდაპირველად, განსაზღვრულია რაოდენობა - ორი პიჯაკი და ოთხი შარვალი ბიჭის შემთხვევაში. რაც შეეხება გოგონებს - მშობელს ორი პიჯაკის, ორი შარვლისა და ორი ქვედაბოლოს შეძენა შეუძლია.
სასკოლო ფორმის ფასი 70 ლარს შეადგენს. ფორმაში ფულს არ გადაიხდიან სოციალურად დაუცველი ოჯახები. გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინელი ბავშვებისთვის ფორმების უფასოდ გადაცემას გულისხმობს, მიესალმებიან უკრაინელი ბავშვების მშობლებიც.
ფორმების შემოტანა სამ ეტაპად იგეგმება. სემესტრის დასრულებამდე, სასკოლო ფორმა საჯარო სკოლის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს ექნება. ვიდრე სასკოლო ფორმები საქართველოში ჩამოვიდოდა, გაიარა ლაბორატორიული შემოწმებაც. შვეიცარიულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მოზარდებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. განათლების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა მიზეზები, რის გამოც ფორმების შემოტანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან გადაწყდა.
2026-27 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან. ცვლილებები ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. თავდაპირველად, სასკოლო ფორმებს, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლე მოირგებს. თუმცა, პროექტი რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი. განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შემოღებას ზედა კლასებშიც გეგმავს.