მარიამ ვეკუა
24.08.2026

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირმა კიევის სამხედრო მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადაიყვანა - ევროკომისიის მიერ გამოყოფილი ახალი პაკეტი რუსეთის მიერ გაძლიერებულ სარაკეტო იერიშებს პირდაპირ პასუხობს. იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელი უკრაინული ცის ჩაკეტვაზე აკეთებს აქცენტს, კიევი საკუთარი წარმოების შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით იერიშებს უშუალოდ რუსეთის ღრმა ზურგსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე აფართოებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითი შესყიდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რაც ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის ნაწილია.

გამოყოფილი თანხა საჰაერო და საზენიტო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შეძენას მოხმარდება. ევროკომისიის მიერ ახალი შესყიდვის დამტკიცება მანამდე შეთანხმებულ 16-მილიარდიან გეგმას ავსებს. 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში, 8.35 მილიარდი ევრო უკრაინას უკვე გამოეყო.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ამ მხარდაჭერას ადასტურებს.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა ადასტურებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უყევი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო საჰაერო და საზენიტო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი იერიშებს აძლიერებს, ჩვენ ვამრავლებთ ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი ხალხის დაცვასა და ცის ჩაკეტვაში. ევროპა უკრაინის გვერდით დგას - ჩვენ მივაწვდით მას ყველაფერს, რაც სჭირდება და მაშინ, როცა სჭირდება".

შესყიდვების უდიდესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებისგან განხორციელდება. რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული დრონების გამოყენების ინტენსივობის გაზრდის გათვალისწინებით, ევროკომისიამ ევროკავშირიდან მიწოდების მკვეთრად გაზრდის აუცილებლობას - არსებული მარაგების ათვისების, შეკვეთების პრიორიტეტულობის გადახედვისა და წარმოების გაფართოების გზით - ხაზი ბევრჯერ გაუსვა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს გადარიცხვას გეგმავს, ხოლო ახალი ტრანშები, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გამოიყოფა. 30 ივლისს ევროკომისიამ უკრაინას, 90-მილიარდიანი სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში, კიდევ 3.47 მილიარდი ევრო ჩაურიცხა. ამავე დღეს, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილებები „უკრაინის ფონდში", რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, 2026 წელს საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად 8.3 მილიარდი ევრო მიიღოს.

ბოლო იერიშები

24 აგვისტოს ღამით, დრონებმა რუსეთში, ადიღეასა და სტავროპოლის მხარეში, "ოზონის" ორ მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანეს იერიში. ორივე ობიექტის საერთო ფართობი თითქმის 185 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ღამით განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში მდებარე სამშენებლო მასალების საწყობშიც, რომლის ფართობიც დაახლოებით 9 000 კვადრატული მეტრია. ობიექტს, სავარაუდოდ, ორმაგი (სამხედრო-სამოქალაქო) დანიშნულება ჰქონდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო სისტემა „ფლამინგო" მასობრივ იარაღად უნდა იქცეს, რომელიც რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე რეგულარული დარტყმების განხორციელებას შეძლებს. „„ფლამინგო" იშვიათ სახეობად კი არ უნდა დარჩეს, არამედ მასობრივ ფრინველად იქცეს. მათ ზამთარი რუსეთში უნდა გაატარონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყნის პირველმა პირმა ომის წლებში უკრაინული შეიარაღების შედეგებზეც ისაუბრა.

„ჩვენი სამხედრო მრეწველობა დღეს ნამდვილი გიგანტია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად 24/7-ზე მუშაობს. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ", აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინულმა ძალებმა შორ მანძილზე დარტყმები უკვე განახორციელეს მოსკოვზე, ტუაფსეზე, ტულაზე, რიაზანზე, ოლენიასა და ომსკზე, ისევე როგორც რუსეთის ათობით სხვა ლოკაციაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×