
"ანტიანექსიური პლატფორმა" - არა ოკუპაციას! - ახალი მოძრაობა რამდენიმე საათის წინ დაფუძნდა. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაა.
ცნობისთვის, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ "ქართული ოცნების" რიგები რუსული კანონის მიღების დროს დატოვა და უარი თქვა მხარი დაეჭრია მისივე პარტიის მიერ ინიცირებული კანონისთვის.
ახალმა მოძრაობამ უკვე მიიღო ოფიციალური დეკლარაციაც, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მოძრაობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
რა წერია დეკლარაციაში:
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერთიანდებით როგორც ზეპარტიული გაერთიანება და რომელთათვისაც საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობებს, ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის შექმნას.
ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, სეპარატიზმის წახალისება და ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული ცვლილებების ძალადობრივი გზით განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.
ანტიანექსიური პლატფორმა არის საქართველოს მოქალაქეთა ზეპარტიული და ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედება, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების განმტკიცება.