
„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ“, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.
მან პატრიარქის ქადაგების კრიტიკას სრული უმეცრება ან ცინიკური ფარისევლობა უწოდა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე წმინდა მამების არაერთი სწავლება არსებობს.
დეკანოზის თქმით, „ჰუმანიზმის“ სახელით ჭკუის დარიგების ნაცვლად, კრიტიკოსებმა უმეცრებას უნდა მიხედონ და წმინდა მამათა სწავლებას ჩაუღრმავდნენ.
„ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა. მოდით, ერთხელ და სამუდამოდაც გავარკვიოთ, რაზეა საუბარი და რას ებრძვით: 1. მკურნალობა სხვაა, აგონიის გახანგრძლივება - სხვა! როცა იმედი არსებობს, მკურნალობა და ავადმყოფის მოვლა ქრისტიანის პირდაპირი ვალია. მაგრამ როცა მედიცინა უძლურია, სხეული შეუქცევადად კვდება და აპარატი მხოლოდ მექანიკურად აკავებს გვამში სულს, ეს მკურნალობა კი არა, ტანჯვის გაჭიანურებაა. 2. ეს არის ეგოიზმი და არა სიყვარული, როცა მომაკვდავს ათასი მილებითა და აპარატით აბამთ სხეულზე, რომელსაც უკვე სიცოცხლე არ შეუძლია, ამას აკეთებთ არა მისთვის, არამედ საკუთარი შიშისთვის. თქვენ ვერ ეგუებით სიკვდილს და ამის გამო მომაკვდავ ადამიანს უაზრო აგონიაში ამყოფებთ. 3. ეს არის ღვთის ნებისადმი წინააღმდეგობა, სიკვდილი ამქვეყნიური გზის დასასრული და მარადისობაში გადასვლაა. როცა ადამიანის ჟამი დგება, სულის იძულებით დაკავება სხეულში არის ღვთის განგებულებასთან დაპირისპირება.
რას ამბობენ ამაზე წმინდა მამები? წმინდა პაისი მთაწმინდელი: „ხშირად ადამიანები ეგოიზმით მოქმედებენ და სურთ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ახლობელი ცოცხალი, მაშინაც კი, როცა მისი სხეული უკვე კვდება. ექიმები მილებსა და აპარატებს უერთებენ მომაკვდავს და ამით მის ტანჯვას ახანგრძლივებენ. მათ არ ესმით, რომ სულს სურს გათავისუფლება და ღმერთთან წასვლა, ისინი კი მას იძულებით აკავებენ სხეულში. სიყვარული ის კი არ არის, ტანჯვა გაუხანგრძლივო ადამიანს, არამედ ის, რომ ილოცო მისი სულის მშვიდობიანი აღსასრულისთვის და ღვთის ნებას მიენდო“.
წმინდა იოანე ოქროპირი: „ნუ შევეწინააღმდეგებით უფლის განჩინებას. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მიდის ამ სოფლიდან და მკურნალობა უძლურია, ნუ ეცდები ღვთის განგებულების შეჩერებას. სიცოცხლის მიმცემი და მისი წამყვანი უფალია. როდესაც მისი ჟამი დადგება, ჩვენი ვალია არა სხეულის მიწიერი ჭერქვეშ ძალადობრივად დაკავება, არამედ სულის გაცილება ლოცვითა და სულიერი მშვიდობით“.
წმინდა პორფირი კავსოკალიველი: „როდესაც მედიცინა ვეღარაფერს შველის, ნურაფერს გააკეთებთ ხელოვნურად. მიენდეთ ღმერთს. უფალმა უკეთ იცის, როდის არის საუკეთესო დრო ადამიანის სულის წასაყვანად. ხელოვნური დამატებითი საშუალებები, რომლებიც მხოლოდ აგონიას წელავს, ხშირად ხელს უშლის სულს იმ სულიერ სიმშვიდეში, რაც მას მარადისობაში გადასვლის წინ სჭირდება“.
პატრიარქმა შიომ თქვა ის, რასაც ეკლესია 2000 წელია ასწავლის. სანამ „ჰუმანიზმის“ სახელით ტელევიზიებითა და სოციალურ ქსელებში ჭკუას დაარიგებთ, ჯერ საკუთარ უმეცრებას მიხედეთ და წმინდა მამათა სწავლებას ჩაუღრმავდით. ქრისტიანობა სულის გადარჩენაზე ზრუნვაა და არა გვამის ხელოვნური გაცოცხლება!“, - წერს დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი.