რეზონანსი
27.08.2026

„ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე“ - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.

არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, საქართველოში მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვა მიუღებელია.

„ბოლო პერიოდში, რადიკალების მიერ რუსოფობიური განცხადებები, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ აქვთ დავალება მიღებული. გვახსოვს, თავის დროზე მათი ბელადი საზღვართან ხვდებოდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს.

ახლა მიიღეს დავალება, რომ რაღაც საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩათესონ, მათ შორის, ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით, რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის დავალება აგენტურისაგან, აგენტურისთვის გარედან მიღებული დავალება და ხვალ თუ დასჭირდებათ, რომ რუს ტურისტებს უნდა ჩამოართვან ხელი და მომღიმარი სახით მიიღონ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ამას გააკეთებენ.

ეს არის ჩვეულებრივი, მათთვის დამახასიათებელი ხელწერა. გარედან რომ დაავალონ, ატირდებიან, დაავალებენ, პირმღიმარი სახით დახვდებიან ნებისმიერ ადამიანს და აი, ესე, ესე მოქმედებენ და თავიანთი სახე გამოაჩინეს. საქართველოში არავინ არ სძულთ. საქართველოში მტერს მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ ის, რომ ასეთი ანტი სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანია ჩათესონ, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი ამბავი“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×