
სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიაში დადებითად აფასებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს.
ევროკომისიის პრესსპიკერის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია.
„ჟენევაში გამართული ჩვენი პირველი სომხეთი-ევროკავშირის სამიტი წარმატებული იყო, ამას ემატება ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მდგრადობისა და ზრდის გეგმაზე, ევროპის მშვიდობის ფონდსა და პარტნიორულ მისიებზე. სომხეთმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაედგა და თავის მხრივ მიიღო ე.წ. ევროკავშირის კანონპროექტი.
ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება მკაფიოდ განსაზღვრულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს მოიცავს. ის მოითხოვს ოფიციალურ განაცხადს იმ ქვეყნისგან, რომელსაც გაწევრიანება სურს.
ჩვენ უკვე ვმუშაობთ ერევანთან ერთად სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგალითად, სატრანსპორტო კავშირების, ვაჭრობისა და სხვა მრავალი მიმართულების განვითარებით. ეს ასევე კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩვენ ამას ინტერესით ვაკვირდებით.
თქვენ ასევე იცით, რომ პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირისადმი გამოხატულ ამ აშკარა მხარდაჭერას", - აღნიშნა ლამერტმა.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს.
„დიდი ალბათობით, სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა", - განაცხადეს უწყებაში.
სამინისტროს მტკიცებით, ერევნის არგუმენტები, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის მინიჭება ხელს უშლის მას ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში, სინამდვილეს არ შეესაბამება.
საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება და გაწევრიანების პერსპექტივა პოლიტიკურად რეალური, თუმცა, პრაქტიკულად ექსტრემალურად რთული და ხანგრძლივი პროცესია.
ერთის მხრივ, ერევნის ეს ნაბიჯი ლოგიკურია, რადგან ყარაბაღის მოვლენების შემდეგ მოსკოვზე იმედგაცრუებულმა სომხეთმა დასავლეთთან უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალტერნატივების ძიება დაიწყო, რასაც ქვეყანაში მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ბრიუსელის მხრიდან სტრატეგიული ინტერესიც უმაგრებს ზურგს.
პროცესს გიგანტური ბარიერები ეღობება ექსპერტთა თქმით, სომხეთის ეკონომიკა და ენერგეტიკა მჭიდროდაა მიჯაჭვული რუსეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე, რომლის დატოვებაც კრემლის მხრიდან სერიოზულ ეკონომიკურ შანტაჟსა და კრიზისს გამოიწვევს, ხოლო ევროკავშირი, როგორც არასამხედრო ალიანსი, ერევანს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს.
ამას ემატება სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობა, რეგიონული იზოლაცია და ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუროკრატიული პროცედურები, რის გამოც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანების განაცხადი ჯერჯერობით მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური სიგნალია და რეალურ შედეგამდე მიღწევას ათწლეული დასჭირდება.