
ანონიმური ჯგუფი "ნასვამი ჩოჩორი", რომელიც გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ აქტიურობს, ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს:
"ეს არის ნოდარ კიკნაძე, ერთ-ერთი მათგანი, ვინც გურამ დადიანაძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. ჩვენ თითოეულ მათგანზე ინფორმაციებს დეტალურად ვიკვლევთ და ამ პროცესის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ 2014 წლის 11 ივნისის თარიღით დარეგისტრირდა და გაიცა რუსული პასპორტი ნოდარ კიკნაძის სახელზე. ეს ის დღეა, როდესაც გურამ დადიანაძე ქრება. თავად ნოდარ კიკნაძე ვერ დაარეგისტრირებდა პასპორტს, რადგან ამ დროს ის დანარჩენ ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა მლეთაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პასპორტი კანონდარღვევით არის გაცემული.
მოდით დავუბრუნდეთ ისევ იმ ცნობილ ფოტოს და კარგად ავაკვირდეთ თითოეულ ამ ფოტოზე მყოფს და შეამჩნევთ, რომ მხოლოდ ნოდარ კიკნაძეს აქვს ზურგჩანთა. ჩნდება კითხვა: რა გეგმა ჰქონდა ნოდარ კიკნაძეს იმ ღამით? რატომ ახსენებს ნოდარ კიკნაძე, რომ ერთად დაბრუნდნენ კახა გელაშვილი და თვითონ ნოდარი გურამ დადიანაძის მოსაძებნად?
წამოვიდა და მერე მე და კახა მივდიოდით წინ, მოვტრიალდით სადღაც ორ წუთში, სულ 15 მეტრში ვიყავით მოშორებით და ეგრევე მოვტრიალდით აქეთ და აი ვერსად ვერ ვიპოვეთ.
ნოდარ კიკნაძეს შეეძლო პასპორტის აღება ისე, რომ ის ამ დროს საქართველოში ყოფილიყო? მაშინ ვინ დაეხმარა ამ კონკრეტულ საკითხში და ვის შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს რუსეთში უკანონოდ პასპორტის რეგისტრაციაზე? ვიცით, ბევრი კითხვები გიჩნდებათ, თუმცა ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ, რადგან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მინდა მოგიყვეთ.
დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ საღამოს, ნოდარ კიკნაძე უკავშირდება გურამის დედას, ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს, ნასვამ მდგომარეობაში და ჰპირდება, რომ მეორე დღეს შეხვდება და ის ყველაფერს დაწვრილებით მოუყვება მას. თუმცა მეორე დღეს, როდესაც ქალბატონი სოფო ცდილობს ნოდართან კონტაქტზე გასვლას, ის თავს არიდებს, შემდეგ კი უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ახსოვს.
რის მოყოლას აპირებდა ნოდარ კიკნაძე და რა საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა კახა გელაშვილთან? მივმართავ ნოდარ კიკნაძეს: სჯობს თავად მოგვიყვეთ დაწვრილებით, თუ რა მოხდა იმ ღამით.“ | ნათქვამია ანონიმური ჯგუფის „ნასვამი ჩოჩორის“ ახალ ვიდეო მიმართვაში