
საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გამო. მმართველი გუნდი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაზე მითითებით პასუხობს, რომ სამმართველოსა და კანონის გაუქმებას არ აპირებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე დამატებით განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აშშ-ის შეფასებები ხელისუფლებისთვის სერიოზული პოლიტიკური სიგნალია და რომ არსებული რეპრესიული პოლიტიკის პირობებში ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და შეიძლება ეს გამოყენებული იყოს განსხვავებულად მოაზროვნეებზე, თორემ თვითონ ეს მოდელი ერთის მხრივ ცუდი არაა", - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით საუბრისას.
საელჩოს განცხადება
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი", - აღნიშნეს აშშ-ის საელჩოში.
პოლიტიკური შეფასებები
„ოცნების" დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის თქმით, თუ აშშ-ის საელჩოს ამ საკითხის ირგვლივ კითხვები აქვს, მას საქართველოს საგარეო უწყება პასუხს გასცემს.
„ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მარტო საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. ასე რომ, თუ მათ ეს კითხვა აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს.
„მაშინ კონკრეტულად უნდა თქვან, რატომ (არიან შეშფოთებული). მაგალითად, გერმანიის სასამართლო პრაქტიკა სხვანაირად იქცევა? როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს - პირდაპირი გინებაც არ ყოფილა - გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს - არა, ჩვენთვის მიუღებელი და არასწორია", - განაცხადა შარმანაშვილმა.
- თენგიზ შარმანაშვილი: „როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს, გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი."
„ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება.
„ცხადია, რომ ეს გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის „პატერნის" შეცვლა. ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ეს უნდა იყოს პარტიების აკრძალვის დავიწყება და ყველა პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოში, კანონისმიერ ჩარჩოში დაბრუნება", - განაცხადა კუპრაძემ.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: „ამ ქვეყანაში მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ვერასდროს ამას ვერ ჩაკლავენ".
„ამ ქვეყანაში მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ვერასდროს ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია", - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასე „ოცნება" ამერიკასთან ვერ დალაგდება.
„ამერიკის კონსტიტუციას აქვს პირველი დამატება, ეს პირველი დამატება გამოხატვის თავისუფლებაზეა. ეს დამატება ამბობს, რომ ამერიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესს არ აქვს უფლება, რამე კანონი მიიღოს, რაც ამერიკის მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს, ამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის გამოხატვის თავისუფლება.
„ევროპას ცოტა სხვა სტანდარტები აქვს, რაღაცებს ზღუდავენ, ესენი ახლა ევროპაზე აპელირებენ, როგორც ევროპაშია, ისე ვაკეთებთო, მაგრამ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია არის ასეთი... ვერაფერსაც ვერ დაალაგებენ, ამას ვამბობთ რამდენი თვეა, გამორიცხულია დაალაგონ, არ ლაგდება ასე, ქაჯებთან არ დალაგდებიან", - განაცხადა ჯაფარიძემ.
სწორია თუ არა „ოცნების" მოდელი
იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეგულაციის მოდელი სწორად შეირჩა, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არქონის პირობებში შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ბალანსის დადგენა რთულია.
„ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემა - თანაფარდობა თავისუფლებასა და წესრიგს შორის, ესაა კაცობრიობის თავდაპირველი დილემა. მთავარია ბალანსი და მისი უზრუნველყოფა როგორია. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს და სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოა იმის გარანტი, რომ ეს ბალანსი არ დაიღვეს. ამერიკელებს აქვთ დამოუკიდებელი სასამართლო და ის ადგენს ხოლმე. სხვათა შორის, ჩვენი სასამართლო რეფორმა ამერიკელების დახმარებით განვახორციელეთ და მე თუ მკითხავთ, ისინი უნდა შეშფოთდნენ იმაზე, რომ არ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო.
„თავის მხრივ უნდა რეგულირდებოდეს ძალადობისა და სიძულვილის ენა. დღემდე მახსოვს, როცა პირველად დედის გინება ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან გვარამიასგან გავიგონე, გამიკვირდა, რომ მაშინ ხულიგნობისთვის არ დაისაჯა, იმიტომ, რომ საჯარო სივრცეში უწმაწური გამოთქმები ხულიგნობადაც არის კვალიფიცირებული.
„ახლა, განსაკუთრებით სოცმედიაში აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით ხდება აზრის გამოხატვა. როცა ეს შეზღუდვა დგება, ერთის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოში ბალანსის პრობლემა იქმნება - ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება ამას სწორედ განსხვავებულად მოაზროვნეებზე ზემოქმედების ფორმად? დიახ, ეს საფრთხე რეალურია.
„ამერიკის ხელისუფლებას, როგორც წესი, ადამიანის უფლებები იმ ქვეყნებში აღელვებს ხოლმე, სადაც მათ ჭკუაზე არ დადიან. როდესაც ჩვენი ე.წ. პარტნიორი აშშ, საელჩოს სახით, შეშფოთებას და აღშფოთებას გამოთქვამს, აქ მე, მაგალითად, უფრო პოლიტიკურ გზავნილებს ვხედავ - ხომ არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ მათ ეს დღევანდელი ხელისუფლების კურსი არ მოსწონთ?
„აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და შეიძლება ეს გამოყენებული იყოს განსხვავებულად მოაზროვნეებზე, თორემ თვითონ ეს მოდელი ერთის მხრივ ცუდი არაა.
„როგორც ვიცი, გერმანიაშიც და საფრანგეთშიც სპეციალური სტრუქტურაა და ძალიან ბევრ ფაქტს ასაჩივრებენ. მაგალითად, მერცს ბევრი აკრიტიკებდა, რომ თვითონ შეუტანია საჩივრები, რის საფუძველზეც საქმეები აღიძრა ათასობით მოქალაქეზე. იქაც ცდილობენ ამის დარეგულირებას, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, იქ დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც სტანდარტს ადგენს - რომელი სიტყვებია შეურაცხმყოფელი, რომელი ძალადობის მოწოდება, სიძულვილის ენა და ა.შ. ამერიკაშიც სტანდარტს მოსამართლე ადგენს.
- ავთანდილ კახნიაშვილი: „აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და შეიძლება ეს გამოყენებული იყოს განსხვავებულად მოაზროვნეებზე, თორემ თვითონ ეს მოდელი ერთის მხრივ ცუდი არაა."
„კარგი პრევენცია იქნებოდა, რომ პირველ რიგში პარლამენტარები დასჯილიყვნენ. მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში ადმინისტრაციული წარმოება უნდა აღიძრას სწორედ ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომლის ბილწსიტყვაობასაც მოვისმინეთ ტელევიზიიდან. დადგენა რთული არაა ვიდეოკამერებიდან. ეს იქნება კარგი პრევენცია. მერე დაისაჯოს ის ხალხი, ვინც სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს. მერე უკვე ეცდებიან, რომ კორექტული ფორმით გამოხატონ თავიანთი აზრი.
„კი, კარგია ეს მონაპოვარი - აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ აი, ბალანსი სად გადის? სწორედ ამაში გვეხმარება სასამართლო, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. შეგახსენეთ, რომ კონსტიტუციაში ასეა: პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. პირველ რიგში ამას უნდა იცავდნენ პოლიტიკოსები და ეს არასამთავრობო სექტორი, რომლებიც ტელევიზიებით გამოდიან", - განაცხადა კახნიაშვილმა.