რეზონანსი
30.07.2026

 საკნიდან, პოლიტიკურ ასპარეზზე დასაბრუნებლად მიხეილ სააკაშვილმა ციფრულ სამყაროში გადანაცვლების გზა აირჩია.

რეალურ პოლიტიკაში არაერთი მარცხის შემდეგ, ბედი ვირტუალურში უნდა სცადოს.

ხელისუფლებაში ტრიუმფალური დაბრუნების იდეით შთაგონებული, ფანტაზიებში ციხეს, როგორც ნელსონ მანდელა, ისე ტოვებს და დიდ პოლიტიკაში ინაცვლებს. თუმცა ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია, რეალობა სულ სხვაა.

ქართული მართლმსაჯულების მიერ არაერთ საქმეში დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხის საკანში რჩება, კომუნიკაციის მთავარი წყარო კი მისთვის "ფეისბუკ" სტატუსებია, რომლის წერისთვის მსჯავრდებულს დროც და ენერგიაც საკმარისი აქვს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს არც ეპისტოლარული ჟანრი, არც საბრალდებო სკამის პოლიტიკურ ტრიბუნად გამოყენება, არამედ რაღაც სხვა - საკუთარი ავატარის შექმნა სურს. სურვილი ერთია, თუმცა რამდენად სერიოზულია მისივე გუნდის წევრებისთვის ვირტუალურ მიშასთან კომუნიკაცია? პარტიაში ლიდერის უტოპიური იდეების, ტრადიციულად, უპირობოდ სჯერათ.

AI-ის ავატარი, პოლიტიკური მომავალი მანდელას სცენარით და ხელისუფლებაში დაბრუნების იდეა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სურეალისტურ განცხადებებს არა პოლიტიკური, არამედ სამედიცინო შეფასება სჭირდება.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის აბსტრაქტულ იდეებს სერიოზულად ვერც ოპოზიციაში უყურებენ. გახარიას გუნდისთვის "ნაციონალური მოძრაობაც" და მისი ერთპიროვნული ლიდერიც უკვე დიდი ხანია წითელი ხაზია.

სიცოცხლეშივე გახსნილი მუზეუმის შემდეგ, სადაც მიშას ერთგულ მხარდამჭერებს ძირითადად მისი პიჯაკების ნახვა შეეძლოთ, მმართველ გუნდს უკვე არაფერი აკვირვებს. არც ის, რომ სააკაშვილმა ვირტუალური ორეულის შექმნა დაანონსა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მომავლის სცენარი მისი ფანტაზიის ნაწილად დარჩება.

გამოჩნდება თუ არა ციფრულ ასპარეზზე მიხეილ სააკაშვილის ავატარი, მასზე უფრო ახალგაზრდა, თუმცა მისი მიხვრა-მოხვრით - ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მმართველი გუნდისთვის არც რეალურ და არც ვირტუალურ მიშას პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×