
ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარტნიორობაზე საუბრისას.
მისი თქმით, ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოტენციალი არის უზარმაზარი, რაც სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე, საქართველოსთან თანამშრომლობა მათ ინტერესშია.
„დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მიზნები გვაქვს, გაცხადებულია და წერია ჩვენს კონსტიტუციაში, თუმცა ეს ნამდვილად არ გამორიცხავს, პირიქით საჭიროებს ჩვენი პარტნიორობების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებებით, სადაც კი შესაძლებელი იქნება და სადაც კი შეიძლება საქართველოს ინტერესი იყოს. ზოგადად, აზიის მიმართულება არის ის მიმართულება, სადაც შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში არცთუ ისე დიდი რესურსი დახარჯულა ჩვენი მხრიდან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით თანაბრად გვქონდეს საგარეო პოლიტიკური რესურსი განაწილებული და რა თქმა უნდა, დღევანდელ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული ნაკლები შევავსოთ ჩვენს ურთიერთობებში და ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და დღეს ისინი აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველოს მნიშვნელობას. შესაბამისად, ეს ინტერესი არის ორმხრივი და ამ შემთხვევაში, ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოტენციალი არის უზარმაზარი, რაც სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე, მათ ინტერესში არის საქართველოსთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.