რეზონანსი
30.07.2026

მართლა იდიოტებად თვლით ქართულ საზოგადოებას ასეთი ტყუილებით რომ კვებავთ? თუ რეგიონების გაძლიერება პრიორიტეტია, ძალოვნების გენერალ კოორდინატორობიდან გაშვებული მდინარაძის რეგიონების კოორდინატორად დანიშვნაა გამოსავალი?- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების და ამ პოსტზე მამუკა მდინარაძის გადაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კერესელიძე მიმართავს „ქართულ ოცნებას“, რომ „ამ მდარე პოლიტიკური საცირკო კარუსელის მაგივრად“, მიხედონ საქმეს, თუ რეგიონებზე და სოფლებზე მართლა შესტკივათ გული.

„ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამოცანაა. ამის დასტურად კი მოქმედი რეგიონული განვითარების სამინისტრო გააუქმა და მთავრობის სტრუქტურაში შექმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში.

ყველასთვის ცხადია, რომ „ოცნებას“ რეალურ საქმეზე მეტად პოლიტიკური ვნებები ამოძრავებს, მაგრამ პოლიტიკური შეფასებები გვერდზე რომ გადავდოთ, „ოცნებას“ მივმართავ - მართლა იდიოტებად თვლით ქართულ საზოგადოებას ასეთი ტყუილებით რომ კვებავთ? თუ რეგიონების გაძლიერება პრიორიტეტია, რეგიონული განვითარების სამინისტროს მეტად გაძლიერების, დამატებითი ფუნქციების მიცემის და ფუნდამენტური ფუნქციების სწორად განსაზღვრის ნაცვლად, რაც ბევრად უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც და ქვეყნისთვისაც - ძალოვნების გენერალ კოორდინატორობიდან გაშვებული მდინარაძის რეგიონების კოორდინატორად დანიშვნაა გამოსავალი?

რეგიონებში მცხოვრები ხალხი არ იმსახურებს, რომ მათი კეთილდღეობა თქვენი სათამაშო და პოლიტიკური გასართობი გახდეს“, - წერს შალვა კერესელიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძის თქმით, უწყება კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×