
მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და გუნდის გაძლიერებაზე.
პრემიერის თქმით, დღეს და გუშინ ჰქონდათ შეხვედრა, მათ შორის კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან და ეცადნენ საპირისპირო გადაწყვეტილებაში დარწმუნებას, თუმცა მამუკა მდინარაძეს მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული.
„მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს, მის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. შესაბამისად, მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს, იმისთვის, რაც მას აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. "ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები", - განაცხადა მდინარაძემ.