რეზონანსი
19.05.2024

ფრანგული აპელაცია 

პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის ფრანგული სააპელაციო სასამართლოები არიან ზემდგომი საფეხურის სასამართოები. საფრანგეთის ტერიტორია დაყოფილია სააპელაციო სასამართლო ოლქებად. სააპელაციო სასამართლოთა ოლქების ტერიტორია არ ემთხვევა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დაყოფის საზღვრებს და ამდენად, მათში ასევე ჩართული არიან რამდენიმე დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულები.

ორგანიზაციულად სააპელაციო სასამართლო ორი პალატისაგან შედგება, საიდანაც ერთია სისხლის სამართლის საქმეთა, ხოლო მეორეა სამოქალაქო საქმეთა პალატები . სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებას ფლობენ მსჯავრდებულები, სამოქალაქო მოსარჩელე (დაზარალებული), სამოქალაქო მოპასუხე სამოქალაქო სარჩელთან მიმართებაში და პროკურორები (საპროცესო კოდექსის 497-ე მუხლი). საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განაჩენის გამოტანიდან ათდღიან ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით. საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად (კოდექსის 510-ე მუხლი), სააპელაციო საჩივარი განიხილება სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგიის მიერ და სასამართლო განხილვა ხორციელდება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი წესის მიხედვით, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა ( მუხლი 512-ე ). სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობენ პროკურორები, მსჯავრდებულები და ადვოკატები. სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო ინსტანციაში ექვემდებერება სრულ შემოწმებას, როგორც სამართლებრივ საკითხებზე, ასევე ფაქტიურ გარემოებებზე. მოსმენა იწყება კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი მოსამართლის მოხსენებით. მტკიცებულებათა გამოკვლევა ძირითადად წერილობითი სახით მიმდინარეობს ანუ პირველ ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით . მოწმეები მხოლოდ იმ შემთხვევებში უნდა დაიკითხოს , თუ ამის აუცილებლობას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს. სასამართლო გამოძიების დასრულებისთანავე, სასამართლო მოისმენს დაზარალებულის, სამოქალაქო მოპასუხისა და პროკურორის მოთხოვნებს. ამის შემდეგ, მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ეძლევა საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება. 

სისხლის სამართლებრივი (აღსრულებითი) ტრიბუნალის განაჩენის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგების მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 

ა) თუ დარღვეულია საჩივრის შეტანის ვადა, ან იგი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მაშინ სააპელაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მის მიღებას წარმოებაში;

ბ) თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მაშინ იგი ცვლილების გარეშე, ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის განაჩენს. პროკურორის მიერ აპელაციის შეტანისას სააპელაციო სასამართლოს შეუძლია უცვლელად დატოვოს პირველი ინსატანციის განაჩენი, ან მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს გასაჩივრებული განაჩენი, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს ხელსაყრელია თუ არა იგი მსჯავრდებულისათვის;

გ) სააპელაციო საჩივრის განხილვისას თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულისათვის შერაცხული ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გადაცდომის ან სამართალდარღვევის ნიშნებს, ან კიდევ, თუ დანაშაულებრივი ქმედება დადგენილი არ არის, რომლის შერაცხვა შეუძლებელი იყო მსჯავრდებულისათვის, მაშინ ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა;

დ) თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს ისეთ გარემოებას, რომლის პირობებში კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებული ექვემდებარება სასჯელისაგან გათავისუფლებას, მაშინ სააპელაციოო ინსტანცია დამნაშავედ ცნობს მსჯავრდებულს, მაგრამ გაათავისუფლებს სასჯელისაგან. 

ფრანგული საპროცესო კოდექსი შეიცავს ნორმებს, რომელთა მიხედვითაც, თუ სააპელაციო ინსტანცია ვერ აღმოაჩენს მსჯავრდებულის ქმედებაში გადაცდომის შემადგენლობას, მაშინ მას შეუძლია დააკვალიფიციროს მსჯავრდებულის ქმედება, როგორც სამართალდარღვევა და არ გადასცეს საქმე საპოლიციო ტრიბუნალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ დროს, სააპელაციო სასამართლო თავად ღებულობს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რამდენადაც საპროცესო კოდექსის 521-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე სამართალდარღვევის ჩადენაზე ექმვემდებარება საპოლიციო ტრიბუნალის განხილვას (1958 წლამდე საპოლიციო ტრიბუნალები იწოდებოდნენ მომრიგებელ სასამართლოებად). 

ამავე დროს, საპროცესო კოდექსის 519-ე მუხლის მიხედვით, გადაცდომის შესახებ სააპელაციო საჩივრის განხილვისას, თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ პირის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაშინ აუქმებს პირველი ინსტანციის განაჩენს, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ღებულობს, რადგან საქმეს უბრუნებს პროკურორს იმდენადაც, რამდენადაც ამგვარი ხარვეზების შევსების უფლებამოსილება სააპელაციო ინსტანციას არ გააჩნია (საქმეებს დანაშაულის თაობაზე განიხილავს ასიზების სასამართლო ნაფიცთა მონაწილეობით).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2000 წლამდე საფრანგეთში არ დაიშვებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის (განაჩენის) სააპელაციო წესით გასაჩივრება (Боботов С.В. Французская уголовная юстиция Пятой республики. автореферет дис. канд. юррид. наук.1964. стр.10 ). საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, შესაძლებელი გახდა ნაფიცთა მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება, ანუ ასიზების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება ამჟამად დასაშვებია.

ზემოთ დასახელებულ ნაშრომში რაიმონ ლეჟე წერს, რომ დანაშაულთან მიმართებაში საფრანგეთში არსებობს მეორე სასამართლო ინსტანცია, რადგან აპელაცია ხელმისაწვდომი გახდა დაზარალებულისთვის, ბრალდებულისთვის და მსჯავრდებულისთვის. საქმეში იმაშია, რომ ასიზების განაჩენის სააპელაციო განხილვას სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია კი არ განიხილავს, არამედ 12 ნაფიცი მსაჯულისაგან შემდგარი და არა ცხრა ნაფიცისაგან, რომელიც პირველი ინსტანციის შემადგენლობისთვისაა განსაზღვრული. საბოლოოდ, აპელაცია მაინც მოიცავს ხალხურობის წარმომადგენლობითი მონაწილეობის ელემენტებს, რადგან საჩივარზე საქმეები განიხილება ნაფიცთა მონაწილეობით. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სტრუქტურები, ორგანიზაციული საქმიანობის ფორმები და ცხადია დიდი მნიშვნელობა ეძლევა ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ ხასიათს, რის გამოც ფრრანგული აპელაცია განსხვავდება ევროპის დანარჩენი სახელმწიფოების სასამართლო სისტემებისაგან. 

აპელაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში

გერმანიის სასამართლო იურისდიქცია ხუთი განშტოებისაგან შედგება. კონსტიტუციური და ყველა სასამართლოს ფუძემდებლური სისტემის გვერდით არსებობს და ფუნქციონირებს ზოგადი ადმინისტრაციული, ფინანსური, შრომითი საკითხების იურისდიქციისა და სოციალურ საკითხთა იურისდიქციის სასამართლოები. ყოველი მათგანის იურისდიქცია მთავრდება (იხურება) უმაღლეს სასამართლოში, ხოლო საერთო იურისდიქციის ყველა სხვა სასამართლო კი უზენაეს სასამართლოში. ასე რომ, უმაღლესი სასამართლო შეიძლება იყოს მრავალი, მაგრამ უზენაესი კი მხოლოდ ერთია. 

თავის მხრივ, გერმანიის საერთო სასამართლოებმა მიიღო საქმეთა განხილვის ორ ინსტანციური პრინციპი: პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა არსებითად განხილვა და კანონიერ ძალაში არ შესული პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება მეორე ინსტანციის სასამართლოში, რომელსაც წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში. 

გერმანული სისხლის საპროცესო სამართლით სააპელაციო გასაჩივრების საგანი ერთადერთია, ხოლო სააპელაციო განხილვის საგანი დამოკიდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დონეზე, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიტანება სააპელაციო საჩივარი. ამრიგად, საუბნო მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აპელაცია და შეფენების (ხალხის წარმომადგენელი) მონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებაზე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საქმის განმეორებითი განხილვის პროცედურა როგორც ფაქტიურ გარემოებებზე, ასევე მატერიალური და პროცესუალური სამართლის საკითხებზე. თუ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ იგი აუქმებს განაჩენს და გამოაქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თუ პირველი ინსტანციის სამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა განსჯადობის ფარგლების გადამეტებით, მაშინ სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ უფლება არა აქვს გამოიტანოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, თუმცა საქმეს გადასცემს განსჯადობის მიხედვით (გერმანიის საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლი). 

მიწების სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო საჩივრის საგანი იგივეა, რაც საუბნო სასამართლოს განაჩენისა. ასეთი საჩივრები მიღებული იქნება, თუ იგი შეიცავს მითითებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მატერიალურ ან პროცესუალურ დარღვევებზე. თუ სააპელაციო საჩივრის განხილვის მსვლელობისას დადგინდება, რომ უფლებების დარღვევა მოხდა, მაშინ როგორც წესი, გააუქმებს პირველი ინსტანციის განაჩენს, მაგრამ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ გამოაქვს და საქმეს განსახილველად უგზავნის პირველი ინსტანციის სასამართლოს. 

მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარზე მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება. საქმის უკან დაბრუნების ძირითადი საფუძველი იქიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს არ გააჩნია საპროცესო-სამართლებროივი საშუალებები, რათა შეავსოს, გამოასწოროს ან კიდევ დამატებით მოიპოვოს ის მტკივებულებები, რომლებიც აღადგენენ, ან გამოასწორებენ პროცესუალურ დარღვევებს ან კიდევ დამატებითი მტკიცებულების მოპოვებით ბრალდების საფუძვლიანობა უფრო მყარი და დამაჯერებელი გახადოს. 

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს არ აქვს უფლება თავად გადასინჯოს პირველი ინსტანციის განაჩენი და ამიტომაც ეგზავნება საქმე სასამართლოს ხელახალი განხილვის მიზნით. ასეთი სამართლებრივი მდგომარეობით სააპელაციო სასამართლო გამოდის როგორც შემმოწმებელი ინსტანცია და არა როგორც მართლმსაჯულების სრულფასოვნად განმახორციელებელი სასამართლო ორგანო. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშობა, ვითარდება და წყდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ვალერი გელბახიანი

პატა კოღუაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×