რეზონანსი
04.07.2024

ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მაღალ დონეზეა და შესაბამის ხარისხშია. აქ უფრო ალბათ სამუშაო იქნება თავად თანამშრომელთა ავტონომიის გაძლიერების კუთხით, - განაცხადა საპროკურორო საბჭოზე გასაუბრებისას გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ვიქტორ ახალბედაშვილმა.

„მაგალითად, რომელიმე რაიონში პროკურორი უნდა გრძნობდეს იმას, რომ კონკრეტული საქმის გადაწყვეტაში მისი ხედვა, დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია არის განმსაზღვრელი და არა ის, რა შეთანხმდება თუნდაც, ზემდგომთან ან ზემდგომის ზემდგომთან", - განაცხადა ახალბედაშვილმა.

პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად საპროცესო შეთანხმებას საოლქო პროკურორის დონეზე არ სჭირდება შეთანხმება, ეს მაინც ასე ხდება-ხოლმე.

თუმცა, მას საპროკურორო საბჭოს წევრმა დავით ყაზარაშვილმა განუმარტა, რომ რაიონული პროკურატურებიდან საქმეები ზემდგომებთან არ თანხმდება.

დეპუტატ რატი იონათამიშვილის კითხვაზე, ანგარიშვალდებულების სტანდარტი, რომელიც გენერალურ პროკურორს პარლამენტის წინაშე გააჩნია, დამაკმაყოფილებელია თუ არა, კანდიდატმა განაცხადა, რომ ანგარიშის წარდგენის ფორმატი საკმარისია.

„ანგარიშის წარდგენის ფორმატი, რაც არსებობს, ვფიქრობ, რომ საკმარისია და ის კითხვა-პასუხის რეჟიმები, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიმოცვლის შესახებ, აბსოლუტურად ადეკვატურია და ალბათ ეფექტურიც", - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

საჭიროებებსა და გამოწვევებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა საკადრო რესურსის სიმცირეა.

„უმთავრესი გამოწვევა არის ის, რომ ცოტანი არიან იმ საქმესთან მიმართებაში, რასაც აკეთებენ. მხედველობაში მაქვს საკადრო რესურსი, რაც პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტთან, რასაც მოიხმარს პროკურატურის სისტემა. საჭიროა, ბიუჯეტი პროკურატურის გაიზარდოს, შესაბამისად, გაიზარდოს საკადრო უზრუნველყოფა", - განაცხადა ახალბედაშვილმა.

თანამშრომლებში მოტივაციის გაზრდისთვის საჭირო ნაბიჯების შესახებ კი კანდიდატმა განაცხადა, რომ მოტივირებულ თანამშრომელზე სასაუბროდ საკმარისია მოცემულობა, რომელიც საქმის დაფასებასა და პერსპექტივას გულისხმობს.

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრების პროცესი დღეს დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×