რეზონანსი
12.06.2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის კაცი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.

„2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ FACEBOOK-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.

დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×