რეზონანსი
02.06.2024

გავა კიდევ დრო და უფრო მეტი გამოაშკარავდება და უფრო მეტს გაიგებს როგორც უკრაინული, ასევე ქართული საზოგადოება, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის" დაჯგუფების რეალური მისია უკრაინაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, და უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან თავის დროზე, უკრაინაში, მაღალ თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ჩინოვნიკების დანიშვნის ფაქტები შეაფასა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების მეგობრული რჩევები არ გაითვალისწინა, რომ საქართველოში გასამართლებული პირები მაღალ თანამდებობებზე არ დაენიშნათ.

„რა სიკეთე უნდა მოუტანოს უკრაინას „ნაციონალურმა მოძრაობამ" და რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც საქართველოს მხოლოდ უბედურება მოუტანეს?

სამწუხროა, გულწრფელად ძალიან გული მწყდება, რომ რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ჩინოვნიკებს ნიშნავდნენ თანამდებობებზე, მაშინ არანაირი გათვალისწინება, არანაირი მოსმენა ჩვენი რჩევებისა და ჩვენი განცხადებების არ იყო და ეს არამეგობრულადაც ჩათვალეს. თუმცა, არამეგობრული სწორედ ის იყო, როდესაც საქართველოში გასამართლებული პირები მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ იმის მიუხედავად, რომ ეს უკრაინელ ხალხს არ სურდა.

რაში სჭირდებოდათ? - ცხადია, ამას ხელშეწყობა ჰქონდა გარედან. აქ იყო კონკრეტული დავალება. ვინმეს ხომ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის უდიდესი სურვილი იყო და ხალხის მოთხოვნა. ცხადია, ზეწოლაც იყო და სწორედ ამიტომ ვამბობ, გავა კიდევ დრო და უფრო მეტი გამოაშკარავდება და უფრო მეტს გაიგებს როგორც უკრაინული, ასევე ქართული საზოგადოება, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის" დაჯგუფების რეალური მისია უკრაინაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე მიხეილ სააკაშვილის მისამართით ოდესაში გავრცელებული ინფორმაციებიც გაიხსენა.

„შემდეგ სააკაშვილის მიმართ ბრალდებებმა, რომელიც მაგალითად, ოდესაში ისმოდა, რომ მან რაღაც ფონდები მიითვისა, კორუფციაში იყო გახვეული და საჯარო ფინანსები პარტიული, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებისთვის დახარჯა, კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რა იყო უკრაინაში ამ დაჯგუფების გადასვლის რეალური მიზეზი, რაც სამწუხაროა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×