რეზონანსი
11.06.2024

ესტონეთის პარლამენტმა, რიიგიკოგუ მიიღო განცხადება, რომელშიც ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებია გაკრიტიკებული.

განცხადებას მხარი დაუჭირა 57-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13.

აღნიშნულ განცხადებაში პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს, შესთავაზობს ევროპის კავშირის საბჭოს სანქციები გაატაროს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალოთ. თუ ეს წინადადება მხარდაჭერილი არ იქნება, პარლამენტს სურს, რომ ესტონეთმა დაუწესოს ამ ადამიანებს სანქციები. ესტონელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სანქციები ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზეც უნდა გავრცელდეს.

რიიგიკოგუს დეპუტატები ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს რუსული ე.წ. უცხოური აგენტების კანონით შთაგონებულს უწოდებენ, რომელსაც პუტინი სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიებისთვის იყენებს.

განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი, ვენეციის კომისია და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან შეუთავსებლად მიიჩნევს, რადგანაც ის კანონის უზენაესობის, კანონიერების და პროპორციულობის, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს არღვევს. რიიგიკოგუ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი.

ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო, ასევე, მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ჩაატაროს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული იყო ძალადობაში.

"სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან რეფორმებს და დემოკრატიზაციას, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემდგომი პროცესები დაბლოკოს, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების პროექტში, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ უნდა დაწესდეს სამთავრობო სანქციები, მათ შორის ესტონეთში შესვლა აეკრძალოთ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის ხელმძღვანელებს, ასევე, ქართული ოცნების ხელმძღვანელობას. გარდა ამისა, ესტონელი დეპუტატები მოუწოდებენ, სანქციები ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიმართ დაწესდეს, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობაში არიან პასუხისმგებელნი.

ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლის გაყინვას, სანამ ე.წ. რუსული კანონი არ გაუქმდება.

"რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×