რეზონანსი
11.06.2024

60 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი უკრაინის აღდგენაზე მსჯელობისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. 2 დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე უნდა ისაუბრონ. მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს ლონდონის შემდეგ წელს ბერლინმა უმასპინძლა. კონფერენციაში სახელმწიფოებს ძირითადად პირველი პირები წარმოადგენდნენ. ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა იყო მთავარი, რაზეც ირაკლი კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა.

მსოფლიო ლიდერების მიმართვამდე კონფერენცია ოფიციალურად სამმა ლიდერმა გახსნა, ერთ-ერთი, ევროკომისიის პრეზიდენტი იყო. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გადაუდებელი რეკონსტრუქციისთვის ამ დრომდე 500 მილიონი ევრო გაიცა, დამატებით კი დაგეგმილია 2 მილიარდ ევრომდე თანხის გამოყოფა. ომში მყოფი ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა. იქვე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინას გეპარდისა და პატრიოტის დანადგარები გადაეცემა.

ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ევროპაში პოლიტიკური განწყობები, ევროკავშირი ყველას სჭირდება.

სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს დახურულ ფორმატშიც შეხვდნენ. მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ამ ფორმატშიც მიმართა.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე ჯერ კიდევ დილით, პრემიერმა მედიასთანაც ისაუბრა, სადაც თქვა, რომ სირთულეები ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებობს, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეიშალოს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობას და დახმარების გაწევას.

უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბერლინში დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. უკრაინაში ომის შემდეგ ეს უკვე რიგით მესამე მსგავსი ღონისძიებაა. პირველი კონფერენცია 2022 წელს შვეიცარიაში ჩატარდა. წელს კი ათეულობით სახელმწიფოს ლიდერი, მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნეს წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გერმანიის დედაქალაქში შეიკრიბნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×