რეზონანსი
02.07.2024

(საქართველოსა და გერმანიის საშუალო ხელფასების მაგალითზე)

ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთერთმა ცნობილმა სახემ გაასაჯაროვა საშუალო თვიური ხელფასის მონაცემები ევროკავშირსა (2994 ევრო) და საქართველოში (654 ევრო), რომელთა მიხედვითაც საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში საშუალო ევროპული დონის მხოლოდ 22.2 პროცენტია.

მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხი და რამდენად კორექტულია ასეთი „ხისტი" შედარება.

რადგანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული ეკონომიკური პოტენციალი, ფასების დონე და კეთილდღეობა აქვთ, საქართველოსთან შესადარებლად მეტი დამაჯერებლობისათვის ავიღოთ გერმანია.

რატომ მაინცდამაინც გერმანია?

ჯერ ერთი, გერმანია ევროკავშირის ფაქტობრივი ლოკომოტივია, ეკონომიკური განვითარების დონით ეს ქვეყანა ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების დონეს (მშპ მოსახლეობის 1 სულზე) დაახლოებით 1.4-ჯერ უსწრებს;

მეორე, მიუხედავად ასეთი სოლიდური წინსწრებისა, საშუალო ხელფასით იგი საშუალო ევროპულ დონეს უმნიშვნელოდ (3.4%ით) აღემატება;

მესამე, საგადასახადო ტვირთი ევროკავშირის ქვეყნებში პროგრესიულია და ქვეყნებისა და შემოსავლების სიდიდისადმი დამოკიდებულების მიხედვით მერყეობს მინიმალური 10%-დან (ბულგარეთი) მაქსიმალურ 55.9%-მდე (დანია). ამ ასპექტით გერმანიის საშუალო საშემოსავლო განაკვეთი (37.4%) მაღალი ალბათობით შეიძლება მივიჩნიოთ არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ მთელი ევროკავშირის საგადასახადო ტვირთის ზომადაც.

რადგანაც საშუალო ხელფასი გერმანიაში საშუალო ევროპულზე უფრო მაღალია, შესაბამისად, საქართველოს საშუალო ნომინალური (ბრუტო) ხელფასის თანაფარდობა გერმანიის ანალოგიურ მაჩვენებელთან მხოლოდ 21 პროცენტი იქნება.

მაგრამ ხელფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავდებიან არა მარტო დარიცხული თანხის, არამედ ხელზე აღებული (ნეტო) სიდიდითაც, რადგანაც ამ ქვეყნებში, როგორც უკვე ითქვა, საშემოსავლო გადასახადის განსხვავებული განაკვეთ(ებ)ია.

გერმანიაში ხელფასის პროგრესიული გადასახადის საშუალო განაკვეთი ამჟამად 37.4 პროცენტია; საქართველოში - პროპორციული გადასახადი და საგადასახადო ტვირთი 20 პროცენტია. შესაბამისად, ხელზე აღებული საშუალო თვიური (ნეტო) ხელფასი საქართველოში გერმანული ხელფასის 21% კი არა, არამედ უკვე 26.8 პროცენტია.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა - ფასების საშუალო დონე გერმანიაში, საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) შეფასებით, საქართველოსას 2.2-ჯერ აღემატება, რის გამოც ფაქტობრივად საშუალო ხელფასის მყიდველობითი უნარიანობა საქართველოში გერმანიის ანალოგიური მაჩვენებლის 58.9 პროცენტია (= 26.8 * 2.2). გამოდის, რომ თუ ნომინალურად საშუალო ხელფასი გერმანიაში საქართველოსაზე 4.8-ჯერ მეტია, ხელზე აღებული ხელფასის მყიდველობითი უნარიანობა - უკვე მხოლოდ 1.7-ჯერ, რაც ნამდვილად არაა ასტრონომიული მასშტაბის.

მაშ, რა განაპირობებს გერმანელების ცხოვრების დონის საქართველოსთან შედარებით უპირატესობას, რომელიც ნებისმიერი შეფასებით, აღემატება 1.7-ჯერადს?

ესაა გერმანიაში, საქართველოსთან შედარებით, მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე გაცილებით მეტი დაქირავებით დასაქმებული. - მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე გერმანიაში დაახლოებით 490 დაქირავებით დასაქმებული მოდის, საქართველოში კი - მხოლოდ 258. გამოდის, რომ მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე საქართველოში გერმანიასთან შედარებით 234 კაცით ნაკლები ადამიანი იღებს ხელფასს.

რა გამოდის? - საქართველო გერმანიას ჩამორჩება: საშუალო ხელფასის მყიდველობითი უნარიანობით თითქმის 1.7-ჯერ, მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ხელფასის მიმღებთა რაოდენობით კი - 1.9-ჯერ. ამ ორი ფაქტორის კუმულატიური ეფექტის გათვალისწინებით ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ხელფასის ჯამური სიდიდის მყიდველობითი უნარიანობა (საშუალო ხელფასის მყიდველობითი უნარიანობა, გამრავლებული ხელფასის მიმღებთა რაოდენობაზე) საქართველოში გერმანიასთან შედარებით 3.1-ჯერ უფრო დაბალია (საქართველო = გერმანიის 32.3%).

მართალია, საქართველოს თანაფარდობა აღნიშნული პარამეტრებით საშუალო ევროპულ დონესთან შედარებით რამდენადმე უკეთესია, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენის საერთო ფონს არსებითად მაინც არ ცვლის...

მაგრამ, მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო ფაქტობრივ თანაფარდობას, არამედ დინამიკას, რომელიც საქართველოში დასაქმების ზრდის, უმუშევრობის შემცირებისა და, რაც მთავარია, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. - ჯერ კიდევ 2012 წელს საშუალო ხელფასის მყიდველობითი უნარიანობა საქართველოში გერმანიის ანალოგიური მაჩვენებლის 1/4-ზე ნაკლები იყო (ამჟამად - 2.4-ჯერ უკეთესადაა საქმე), ხოლო მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ხელფასის ჯამური მყიდველობითი უნარიანობა თითქმის 9-ჯერ ჩამორჩებოდა გერმანიისას (ამჟამად მდგომარეობა 2.9-ჯერ და მეტად უკეთესია).

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში გაწევრიანებაზე მეტად სახელმწიფოს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ზრდის ფაქტორების და გარემოებების სწორედ შეფასება და გამოყენება, წინსვლასა და განვითარებაზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მზაობა და აქტიური მონაწილეობა განსაზღვრავს...

სტატისტიკოსი და ეკონომისტი სოსო არჩვაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×