ნატალია ჯვარიძე
05.07.2024

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ივანიშვილის მიმართ გავრცელებულ სამადლობელო განცხადებაზე აჟიოტაჟი არ წყდება. განსაკუთრებით აღშფოთებულია საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი, რომელთათვისაც კაშია, ასე ვთქვათ, როლური მოდელი გახდა მას შემდეგ, რაც ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერის სამკლავური გაიკეთა. ახლა კი ივანიშვილის მიმართ მადლობა ამ ხალხმა, არც მეტი არც ნაკლები, პრინციპების ღალატად ჩაუთვალა.

გურამ კაშია განცხადებაში მადლობას უხდის მმართველი პარტიის, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს" ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ნაკრების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან", ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

აღნიშნულ საკითხს პეტრე კოლხი გამოეხმაურა, ნაკრები გააკრიტიკა დაფეისბუქზე დაწერა: „თუ ფულზე იყიდები არაფრად ვარგიხარ".

„თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტი ანა სუბელიანი კაშიას განცხადებაზე გულდაწყვეტილია და წერს, რომ აქამდე მას აქებდა და ადიდებდა ახლა კი გაკვირვებულია.

„დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ახლა ისე ჩამწყდა გული, ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რომ რა გითხრათ, არ ვიცი", - აღნიშნავს სუბელიანი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის" ნამდვილი არსი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად" იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების" სულისკვეთება არ გაიზიარეს.

ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ ნაციონალები, მაგრამ ემოციურ მომენტებში მაინც ვლინდება და ყველასთვის აშკარად ხდება:

- არ თქვა მადლობა

- არ დაუთმო ადგილი

- დასცინე რწმენას

- უარყავი სხვების ცოდნა და გამოცდილება

- დააბეზღე გვერდში მდგომი

- იძალადე, თუ ვინმეს აზრი მიუღებელია

ეს არ არის ერთეული, ნორმას აცდენილი ქცევა. არც მხოლოდ პარტიული დავალებაა. ეს იდეოლოგიაა, რომელსაც წლებია ნერგავენ „დასავლეთის" და „ევროპის" სახელით. მიზანი მარტივია - საზოგადოების სოციალური ქსოვილის მოშლა, დეგრადირება, რადგან იდეოლოგიით გაჟღენთილი და ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოება მათთვის ადვილი სამართავი ჩანს, ვინაიდან ის არა ინდივიდის, არამედ მასის ფსიქოლოგიით მოქმედებს - არა გააზრებულად, არამედ ლოზუნგებს აყოლილი", - აცხადებს პაპუაშვილი

მუსიკოსი დავით გაბუნია ფეისბუქზე ავრცელებს პოსტს სადაც წერს: „აჰა შენ კიკუ 30 მანეთი და გაიხადე".

„სტრატეგია აღმაშნებლის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს ნაკრების მხრიდან მადლობის გადახდა ნორმალურად მიაჩნია და აღნიშნა, რომ როცა კარგი საქმის გამო საჩუქარს გაძლევენ, მადლობა ზრდილობის საკითხია.

„არ ვფიქრობ, რომ ამით რაიმე შეიცვალა, ან კავშირშია ბიჭების შეფასებებთან, ან მომავალში პოლიტიკურ გემოვნებასთან. ეს ყიდვისთვის გადახდილი თანხა არ არის, ეს არის საჩუქარი იმისთვის, რომ მათ საქართველო ასახელეს. ყველას თავისი სიმართლის სტანდარტი აქვს. გამოთქმა არსებობს - სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე დუმს. აქ ეს შემთხვევა არ არის, ეს არის შემთხვევა, როცა ბიჭებს ქვეყნის გახარებისთვის საჩუქარი გადაეცათ. ბიძინა ივანიშვილისთვის არაფერია, „არემჯი გოლდიდან" ასი მილიონი შესდის - გამოვართვათ და კარგი საქმეები გავაგრძელოთ", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმაც განაცხადა, რომ მადლობის გადახდა სწორი საქციელია და ფეხბურთელების მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას არ შეიძლება, პოლიტიკური ელფერი მიეცეს და პოლიტიკურ განზომილებაში იყოს გადაყვანილი.

„საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს? ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველას მოვუწოდებთ, რომ ამ ბიჭებს თავი დაანებონ. არ შეიძლება, მათ მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას პოლიტიკური ელფერი მისცე და პოლიტიკურ განზომილებაში გადაიყვანო, ეს არაწორია. ამ ადამიანებს აცადონ მაგარი საქმის კეთება და ჩვენთვის იმ უდიდესი ბედნიერების მონიჭება, რასაც ამდენი ხანია, გვანიჭებენ, დიდი ზეიმი ყველას გვაჩუქეს. მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს - კარგი. როცა კონკრეტული ქმედება დასაგმობი არ არის, იმას არ დავგმობთ", - განაცხადა დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×