რეზონანსი
09.06.2024

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის" ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას, რაც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაერო-ს წესდებას.

„რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების უგულებელყოფა მიუღებელია. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, მათ შორის უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის გზით", - აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სასწორზე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოება დევს.

„პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის" ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. პრეზიდენტებმა ასევე გამოხატეს ძლიერი შეშფოთება იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ირანიდან და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნებიდან ორმაგი დანიშნულების მასალებისა და კომპონენტების მიწოდების გამო. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქმედებებს, რომელიც მიმარულია იმისკენ, რომ შეუმცირდეს აშშ-სა და საფრანგეთის ფინანსურ სისტემებზე წვდომა მათ, ვინც ამ მიწოდებებში მონაწილეობს", - აცხადებენ თეთრ სახლში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×