ნატალია ჯვარიძე
07.07.2024

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ საწყობში, სადაც ფეთქებადსაშიში ობიექტები მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორის, ალექსეი გუსაევის თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მაგრამ ფრაგმენტები „ფეთქებადსაშიში ობიექტების" საწყობს დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ვორონეჟის სოფელ პოდგორენსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს.

„გადაკეტეს გზის მონაკვეთი, რომელიც დასახლებაში გადის. მოქალაქეების ევაკუაცია დროებით განსახლების ცენტრებში მიმდინარეობს. ადგილზე ოპერატიული სამსახურის და დეპარტამენტების თანამშრომლები მუშაობენ", - წერს გუბერნატორი.

მანამდე გუბერნატორმა განაცხადა, რომ 7 ივლისს, ღამით მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქში აღმოაჩინეს და გაანადგურეს, მაშინ როდესაც მისი ნაშთები ერთ-ერთ საწობს დაეცა და ხანძარი გაჩნდა და დაიწყო ობიექტების აფეთქება.

მოგვიანებით გავრცელებულ შეტყობინებაში გუსაევმა თქვა, რომ აფეთქების შედეგად ახლომდებარე დასახლებში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის გარე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მალევე ჩაქრა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"რუსეთ უკრაინის ომი დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მოიგებს, სხვანაირად არ იქნება. მოკლედ, რუსეთმა უნდა წააგოს, რომ ეს სისხლისღვრა დასრულდეს, ჯერჯერობით სხვა პირი არ უჩანს. ამ ეტაპზე, რუსეთი ბევრ მიმართულებაზე ცოცხალი ძალის ხარჯით უტევს და უკრაინა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ურტყამს, სადაც შეუძლია. ამრიგად ეს დიდი ომია და მგონი დიდხანს გაგრძელდება", - განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო გზა სამხედრო ოპერაციაა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს აიძულებს, რომ პირობების გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს.

„ორივე მხარისთვის პირობების მოძიება არაა შეუძლებელი, მთავარია მხარეებს ამის სურვილი ჰქონდეთ. თუ ცალკე პირები არ განაცხადებენ, რომ ისინი პირობების გარეშე მოლაპარაკებისთვის მზად არიან, მაშინ ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში თუ კი ორივე იტყვის, რომ ისინი პირობებს არ აყენებენ, ისე არაფერი არ გამოვა.

„უკრაინა სავსებით სამართლიან პოზიციას აფიქსირებს. სწორია, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, ეს უკრაინისთვის მთავარი ამოცანაც უნდა იყოს. რუსეთს კი უსამართლო წინადადება აქვს, როცა ამბობს, რომ მათ მიერ უკანანოდ დაკავებული ტერიოტორები უკრაინამ უნდა დატოვოს.

„მე ვერც კი წარმომიდგენია ასეთი ურთიერთგამომრიცხავი პირობებით მოლაპარაკების მაგიდასთან როგორ უნდა დასხდნენ. ამის განსახორციელებლად რჩება მეორე გზა, რომელიმე მხარემ ისეთი სამხედრო ოპერაცია უნდა განახორციელოს, რომ მოლაპარაკებისკენ აიძულოს.

„ამის შანსი უკრაინას აქვს, თუ დასავლეთი დიდი რაოდენობით იარაღს მიაწოდებს, შარშან ასეთი კონტრშეტევა ჩაუვარდათ და იქნებ წელს გამოუვიდეთ. ახლა მიიღებს უკრაინა ამერიკისგან დახმარებას და მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე ეს თუ არ მოხდა, მერე ოქტომბერში სხვა ვითარება იქნება. წესით აგვისტო-სექტემბერში უკრაინამ კონტრშეტევა უნდა განახორციელოს და რუსეთი ისე უნდა შეავიწროვოს, რომ კიევი იძულებული გახდეს პირობების გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ვიქტორ ორბანს თავისი ინტერესები ჰქონდა, როცა კიევში და მოსკოვში ჩავიდა და მას ომის დასრულება არ შეუძლია.

„უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ცეცხლის შეწყვეტას ვერ შეძლებს, ეს ზღაპარია. ის კიევში და მოსკოვში თავის თავისთვის ჩავიდა, რადგან მისი ამომრჩევლებისთვის თავი მოეწონებინა. მისი მხრიდან ეს უფრო კეკლუცობა იყო. მან გაითამაშა, რომ თითქოს ევროკავშირის სახელით ჩავიდა, არ არის ასე, მას ამის უფლება არ ჰქონდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×