რეზონანსი
17.06.2024

გახარიას განცხადება, რომ მათთან ახლოს „ლელოა", ეს არის მხოლოდ წინასაარჩევნო გარკვეული გათამაშება, რიმელიც, თავიანთი ჭკუით, მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, ვერავის მოატყუებენ, რადგან ძალიან ახლო წარსულში ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთის დაუღალავ ლანძღვაში იყვნენ და ახლა მათ შორის ერთობა ძალიან ნაკლებად წარმოსადგენია.

„ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ მოსახლეობოს შეცდომაში შეყვანას. რეალურად მათ შორის არავითარი ერთობა არ არის და საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებას მათი მხრიდან, რომ მოსახლეობა ერთობლივად შეიყვანონ შეცდომაში და ვითომ მესამე ძალა არსებობს. დიდი ხანია, ამას ცდილობენ „ლელო" და გახარია, თუმცა ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ეს ორივე ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული დანაყოფია და არავითარ მესამე ძალას არ წარმოადგენს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, როგორც სეფაშვილმა ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას აღნიშნა, ჯაფარიძის განცხადება, რომ მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაერთიანდება „ნაციონალურ მოძრაობასთან", ისევ და ისევ არის, გარკვეული თვალსაზრისით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელიბა. ეს პოლიტიკური პარტიაც, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტია და განსაკუთრებით რადიკალური ფრთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენს. წინასაარჩევნოდ ისინი თუ თანამშრომლობას გამორიცხავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ცდილობენ ამომრჩეველთა უფრო მეტი რაოდენობის მოზიდვას. რეალობაში ეს ძალა ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება და ეს მიზანი, პირველ რიგში, არის საქართველოში არეულობის შემოტანა მოსახლეობის მოტყუების გზით. ისინი ამით ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „ნაციონალური მძრაობისგან" განსხვავდებიან. სინამდვილეში, ეს არის იგივე ძალა, რაც „ნაციონალური მოძრაობა", ოღონდ შეცვლილი სახელწოდებით. რეალურად, ქვეყნის წინააღმდეგ დღის წესრიგი, ამოცანები და მავნებლობა ერთნაირად აქვთ დაგეგმილი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ერთიანი სიით ოპოზიციის წარდგენა დამოკიდებულია მხოლოდ მათ უცხოელ დამკვეთებზე.

„როგორც უცხოელი პატრონები იტყვიან, ზუსტად ისე მოიქცევიან. რეალურად, წარმოუდგენლად მიმაჩნია, სხვადასხვა ხასიათისა და დიდი ამბიციების მქონე ადამიანები დათანხმდნენ სიაში მეორე, მესამე ან თუნდაც მეოთხე ნომრად ყოფნას. თუმცა, ერთიანი სია იქნება, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მათი უცხოელი პატრონი. მათი უცხოელი პატრონი თუ უბრძანებს, ერთიანი სიაც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი ცალ-ცალკე შეეცდებიან თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით საარჩევნო ველზე შემოსვლას", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×