ნატალია ჯვარიძე
02.07.2024

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში პირველად ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორბანის ავტომობილი დღეს დილით უკრაინაში უნგრეთის საელჩოსთან მივიდა. იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ორბანმა ჩათვლა, რომ უნგრეთის ინტერესებში უკრაინაში ჩასვლა და სოლიდარობის გამოხატვა შედის. როგორც იგი აღნიშნავს, იქ უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის შესახებ განხილვაც იქნებოდა.

"ვიქტორ ორბანი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ასე რომ ვთქვათ, მოვლენების მაჯის ცემას და ტენდენციას კარგად გრძნობს, რაც ზოგადად ევროპაში და უკრაინის გარშემო ვითარდება. შესაბამისად, იმის ფონზე, როდესაც პრაქტიკულად ყველა ევროპელი ლიდერი უკრაინაში ჩავიდა და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს, ორბანმა ჩათვალა, რომ მისი როგორც პოლიტიკური ლიდერის და ასევე მისი ქვეყნის ინტერესებში უკრაინაში ჩასვლა და სიმბოლური მხარდაჭერის გამოხატვა იქნებოდა.

„გარდა ამისა, ორბანსა და უნგრეთს კონკრეტული ინტერესები აქვს უკრაინაში, საუბარია უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა აუცილებლად იქნებოდა.

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ორბანმა, რომელიც ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ჩასული არ იყო, ამით ერთგვარად საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ნუ, მას ეს ქმედება ჩაეთვლება უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატულებად და ის არ ამოვარდება იმ საერთო ანსამბლიდან, რასაც ჰქვია ევროპული სოლიდარობა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

„ორბანის კიევში ჩასვლა მის ევროკავშირის თავმჯდომარეობას უკავშირდება, ევროკავშირი ჩართულია ამ პროცესებში და ამ უახლოეს 6 თვეში შემდგომი რაღაც გარკვეული ნაბიჯებიც იგეგმება, რასაც ევროკავშირი გადადგამს", - აცხადებს ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით კი, ორბანმა ახალი ინიციატივა გამოავლინა, რაც ალბათ მის ახალ სტატუსთან არის დაკავშირებული. როგორც იგი აღნიშნავს, მისი ვიზიტი მეტი მხარდამჭერის პოვნაზეა ორიენტირებული.

„ეს არ არის უნგრეთის სიმპათია უკრაინის მიმართ ან პირიქით. ვიცით, რომ მათ რთული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ახლა ორბანმა ახალი ინიციატივა გამოავლინა, რაც ალბათ მის ახალ სტატუსთან არის დაკავშირებული.

„მან შექმნა კონსერვატიული ღერძი, თუ შეიძლება ასე ითქვას და პარტიების ისეთი გაერთიანება, რომელიც თავისი ორიენტაციით კონსერვატიულობისკენ იხრება და ევროკავშირის ტრადიციული მიდგომების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

„ამ ტრადიციულის მიმართ დაპირისპირებას ის სირთულე ახლავს, რომ უმრავლესობა ტრადიციას მიჰყვება ხოლმე, ნუ რაღაც ტენდენციას, რომელიც არსებობს, უფრო „ცხვრის" ამბავია.

„ორბანი, რასაც სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას, „თხის პოლიტიკას". ამ განსხვავებულობაში მას ბევრი მხარდამჭერი სჭირდება. იქ მხარდამჭერი ქვეყნების ერთობა თუ არ ჩამოყალიბდა, გაერთიანებას არავითარი სახე არ ექნება.

„ამ მიმართულებით ორბანმა უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ევროპის ქვეყნებში პოპულალურია, მიუხედავად იმისა ის ამას ამართლებს თუ არა. ვიცით, რომ ის უკრაინის მიმართ ასე ღრმა მხარდაჭერისა კრიტიკულია. ამ რთულ გზაზე, რასაც პოლიტიკური პარტიების ახალ გაერთიანება ერქმევა იმაში მეტ-ნაკლებად ბევრი მხარდამჭერი იპოვოს. ჩემი აზრით, დღევანდელი მისი ვიზიტი ამით არის განპირობებული", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×