ნატალია ჯვარიძე
05.07.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი აქტიურობის ფონზე, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი საერთო ლიდერად დასახელება მომგებიანი იქნება. მოხდება თუ არა ეს? ამ საკითხზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ოპოზიციიდან წინააღმდეგობა ექნება. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ ეს უკვე დაგვიანებულია.

„არ ვიცი რას გულისხმობენ, როცა საერთო ლიდერს ამბობენ. ზურაბიშვილი უნდა გადადგეს, მერე ამ რაღაც გაერთიანებას ჩაუდგეს სათავეში და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა? ეს თუ ამას ნიშნავს, მაშინ უკვე გვიანია და ამის გაკეთებას ახლა აზრი არ აქვს", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება თუ ის თავის პოსტზე დარჩება.

„თუ ის თავის პოსტზე დარჩება, თავის საქმიანობას გაარძელებს, ანუ ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა ექნება და არჩევნებისადმი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, მაგრამ ყველაფერს ობიექტურად შეაფასებს, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, სწორია და თავად ოპოზიციისთვისაც კარგია".

ნიკა ჩიტაძის აზრით კი, გამორიცხული არაა ზურაბიშვილი გახდეს ლიდერი, თუმცა „ნაცმოძრაობა" მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება. პირველი მიზეზი არის ის, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს და მეორე, ის არასაანდოობა, რაც მის ქცევებში აისახა. მისივე თქმით, სავარაუდოდ „ლელო" და „ახალი" მხარს დაუჭერენ.

„შესაძლოა „ნაცმოძრაობა" ამის წინააღმდეგი იყოს, რადგან იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან თავს იკავებს. კი ბატონო, დასავლურ ინტეგრაციას მხარს უჭერს, თუმცა მათთვის სანდო არაა. დიდი ალბათობით, „ლელო" და „ახალი" მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ".

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, რომ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირონ.

„პირდაპირ ვნახეთ, როგორ ხვდებიან გულშემატკივრები პრემიერს და როგორ ხვდებიან პრეზიდენტს. ასე რომ, ამ ვითარებაში ძალიან მიმზიდველი და სასარგებლოა სალომე ზურაბიშვილის ქარტიასთან თანაარსებობა. მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან გაექცეს პოლიტიკური გემოვნების დაფიქსირებას რაიმე ფორმით ამ საარჩევნო კამპანიის დროს," - ამბობს ბერძენიშვილი.

ნიკა ჩიტაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ლიდერობა უნდა და სავარაუდოდ, ამაზე მსჯელობაც იქნება. როგორც აღნიშნავს, იგი არასანდო იმიტომ არის, რომ მან პოზიცია არა ერთხელ შეიცვალა.

„მე ასე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის საერთო ლიდერად დასახელებასთან დაკავშირებით თვითონ ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა იქნება, თუმცა გამორიცხული არაა აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის შეთანხმება იყოს. როგორც ჩანს, თავად ზურაბიშვილსაც სურს, რომ პოლიტიკური ლიდერი იყოს და პოლიტიკიდან წასვლა არ უნდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ოპოზიციაში ამ თემაზე მსჯელობა შედგება, მაგრამ ყველა თანახმა არ იქნება.

მე პირადად მის ლიდერობას არ ვემხრობი, რადგან ის ბოლომდე სანდო ადამიანი არაა იმიტომ, რომ ჯერ იყო „ოცნებასთან" მერე დაუპირისპირდა, გასაგებია ახლა ეს დაპირისპირება, თუმცა თავის დროზე მათი მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ძაბირაძის თქმით კი, ზურაბიშვილის რეიტინგი საგრძნობლად აწეულია და ერთადერთი ვინც ოპოზიციაში მხარს არ დაუჭერს, გიორგი გახარიას პარტიაა.

„სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი აწეულია, ხელისუფლებაშიც არაა ასე, დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ქალაქის მერით.

ერთადერთი ამის წინააღმდეგი ვინც იქნება, ეს არის გიორგი გახარიას პარტია, რადგან მან თავის დროზე „ქართულ ქარტიას" ხელი არ მოაწერა, დანარჩენებმა კი მხარი დაუჭირეს", - აღნიშნა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×