ელზა პაპოშვილი
07.07.2024

ორბანმა მშვიდობის ემისრის როლი ვერ შეასრულა - პუტინი ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობს. კიევის შემდეგ მოსკოვში ჩასულმა უნგრეთის პრემიერმა რუსეთი ხელცარიელი დატოვა. რამდენიმე დღის უკან ორბანი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინაში შესაძლო საზავო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მან ზელენსკს ცეცხლის შეწყვეტისკენ პირდაპირ მოუწოდა.

5 ივლის კი ის მოკოვში ჩავიდა, თუმცა, პუტინის კეთილგანწყობამ უნგრეთის პრემიერს შედეგი ვერ მოუტანა. პუტინი ომის დასრულებას მხოლოდ ოკუპირებული რეგიონების საბოლოო დაკანონებით თანხმდება. მშვიდობის სანაცვლოდ რუსი დიქტატორი დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ხერსონიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს. ამას ომში მყოფი უკრაინა არასდროს დათანხმდება. კაპიტულაციით მშვიდობა არ იქნება - ეს არის კიევის პოზიცია.

არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე - მოსკოვში ჩასულ ვიქტორ ორბანს ოფიციალური კიევის ამ განცხადებასთან ერთად დღეს ევროკავშირის უმწვავესი გზავნილებიც დაეწია. მას არა აქვს უფლება ევროკავშირის სახელით სისხლიან დიქტატორს ესაუბროს. ევროგაერთიანების ლიდერები ერთი-მეორეს მიყოლებით ემიჯნებოდნენ უნგრეთის ლიდერს, რომელმაც ბრიუსელის თანხმობის გარეშე მშვიდობის ემისრის როლის თამაში გადაწყვიტა.

უნგრეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საუბრის თემა ომს უკავშირდებოდა და „მშვიდობის მისაღწევად გზებს დღეს ვეძებდით".

ორბანი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან და რომ „საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიდეთ ომის დასასრულთან".

ამ შეხვედრის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია ბოლოდროინდელი პროცესებით, რომელიც განვითარდა. იმ დროს, როცა ევროპას ძალიან სჭირდება მშვიდობა, ევროპისთვის ახლა მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მთავარი მიზანი მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ჩემი ქვეყანა იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ამ მიზნის მიღწევაა.

„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპა აღმოჩნდა ყველაზე რთულ მდგომარეობაში. ახლა ჩვენ ევროპაში 2.5 წელიწადია ვცხოვრობთ ომის ჩრდილში, ეს ევროპაში იწვევს ძალიან დიდ სირთულეებს. ჩვენ არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ ვხედავთ ნგრევის და ადამიანების განსაცდელში ყოფნის სურათს და ეს ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე და კონკურენტუნარიანობაზე.

„როგორც ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, ევროპას სჭირდება მშვიდობა. ამ ორნახევარი წლის განმავლობაში მივხვდით, რომ დიპლომატიისა და დიპლომატიური კავშირების გარეშე, ჩვენ ვერ მივაღწევთ მშვიდობას,. მშვიდობა თავისით არ მოვა, მშვიდობისთვის უნდა ვიმუშაოთ და ამ მშვიდობის მისაღწევად გზებს დღეს ვეძებდით და ამ გზებზე ვმსჯელობდით ბატონ პრეზიდენტთან ერთად.

„მინდოდა გამეგო, რა არის ყველაზე მოკლე გზა ომის დასასრულებლად - მინდოდა, გამეგო ბატონო პრეზიდენტისგან და გავიგე, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რას ფიქრობს ის ამ დროისთვის არსებულ სამშვიდობო ინიციატივებზე, რას ფიქრობს ის ასევე ცეცხლის შეწყვეტაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე - რა თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს ეს პროცესი და მესამე, რაც მე მაინტერესებდა, ეს არის ხედვა, როგორი უნდა იყოს ევროპა ომის შემდეგ. მადლობას ვუხდი, ბატონ პრეზიდენტს, გულწრფელი და პირდაპირი საუბრისთვის",-ამბობს ორბანი.

უნგრეთის პრემიერის მოსკოვში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან ერთად გაკეთებულ განცხადებებს დასავლეთში მწვავე შეაფასებები მოჰყვა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ ორბანი მოსკოვში ვიზიტის დროს ევროკავშირს არ წარმოადგენს.

ვიქტორ ორბანის ცალმხრივი გადაწყვეტილება მოსკოვში წასვლისა, არავითარი ფორმით ევროკავშირის პოზიციას არ წამოადგენს. ეს ასევე ძირს უთხრის უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის სანდოობას. თუ თქვენ ნამდვილად ეძებთ მშვიდობას, თქვენ არ უნდა ართმევდეთ ხელს სისხლიან დიქტატორს. თქვენ მთელი ძალისხმევა უკრაინის მხარდაჭერისკენ უნდა მიმართოთ," - ამბობს გიტანას ნაუსედა.

ვიქტორ ორბანი არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირს ან ევროკავშირის პოზიციებს მოსკოვში. ის იყენებს ევროკავშირის თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად. ევროკავშირი ერთიანია და დგას უკრაინის გვერდით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - ამბობს კაია კალასი.

რუსეთში გავფრინდი, მაგრამ იქ და მერე უცებ მივხვდი, რომ ისევ იზრუნებდი, ჩემი სურვილი დასრულდა შენთან მოვფრინდი, რუსეთიდან სიყვარულით," - ამბობს ედგარს რიკნევიჩსი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ეჭვი არავის შეჰპარვია, როცა ორბანი კიევში ჩავიდა, ის პუტინის დავალებას ასრულებდა. კონფლიქტოლოგი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მან ეს მოსკოვში მეორე დღესვე ვიზიტით გაამყარა.

„რა თქმა უნდა, ორბანი პუტინის დავალებით იმყოფებოდა კიევში. ის ახლა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ყველასთან ისაუბროს. ორბანი ვიცით, რომ მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი გახდა ევროკავშირში, ამიტომ მას აქვს ამ მხრივ შესაძლებლობა, რომ ევროპასთანაც და რუსეთთანაც ერთდროულად შუამავლის როლი შეასრულოს.

„პუტინი ბოლო დროს ცდილობს კიევთან გარკვეული მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მან იცის, რომ კიდევ დიდი ხანი ომის გაგრძელება კარგს არაფერს მოუტანს. რა რესურსიც არ უნდა მოიძიოს, ამას კიდევ დიდი ხანი ვერ გაუძლებს. ფრონტის ხაზზე კი სიტუცია ძალიან გაუგებარია. ვერცერთი მხარე წინ ვერ იძვრის.

„მხოლოდ რუსეთი თუ ახერხებს რაღაცა პატარა - პატარა ნაბიჯებით წინ წასვლას, თუმცა ესეც არაფერი არ არის.ამიტომ ორივე ქვეყანა უკვე იმ კონდიციამდე მივა, რომ რაღაცაზე მოლაპარაკებაა საჭირო. პუტინს თამასას რაც შეიძლება მაღლა წევს, რომ შემდეგ უფრო მეტი გამოივაჭროს.

„უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, მისი პირობები მიუღებელია. პუტინმა ორბანის კიევში გაგზვანით დატესტა სიტუაცია. ვინ რაზეა წამსვლელი და ა.შ. ნიადაგს ამზადებს. ორბანი რამდენად იქნება მშვიდობის ემისარი, რთული სათქმელია. მასზე გავლენიანმა ერდოღანმა ვერაფერი გააწყო. თუმცა, უნგრეთი როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი ქვეყანაა, ამიტომ მისი შუამავლობა პუტინისთვის ცუდი არ არის. იმ ფონზე, როცა მას დასავლეთიდან არავინ აღარ ესაუბრება", - ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისივე თქმით, წლის ბოლოს ფაქტია, რომ უკრაინის ომში რაღაცა ცვლილებები უნდა შევიდეს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ფაქტია დასავლეთში არჩევნების შედეგად ბევრი ცვლილებები იქნება. ამიტომ გარკვეული მზადება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ფაქტია შეიმჩნევა. მისივე აზრით, ახლა მნიშვნელოვანი ამერიკის არჩევნები და მის გარშემო განვითარებული მოვლენები იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×