რეზონანსი
27.06.2024

(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „შეშფოთებულია იმით, რომ საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სადავო პირობებში მიღება არ იყო იზოლირებული ფაქტი, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე," - ნათქვამია ასამბლეის მიერ ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში.

რეზოლუცია საკმაოდ მკაცრია, თუმცა აქ გარკვეულ ოპტიმიზმსაც შეხვდებით და ნათლად ჩანს, რომ სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში, ევროსაბჭოს ფორმატში, შეუქცევადი არ არის. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ ასამბლეამ საბოლოო დასკვნაში არ შეიტანა შესწორებები, სადაც პირდაპირ იყო ნახსენები ივანიშვილი, როგორც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხდა. ასევე რეზოლუციაში არ შევიდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სხვა მძიმე პუნქტები, რომელთა ინიციატორი იყო უკრაინელი დეპუტატების ჯგუფი ოლექსი გონჩარენკოს მეთაურობით, მხარდამჭერები კი ლიეტუველი და ქართველი ოპოზიციონერი პარლამენტარები.

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში, ზაფხულის სესიაზე კრიტიკის ქვეშ მოექცა „ქართული ოცნების" სხვა ინიციატივები, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ანტი-ლგბტ და ოჯახის სიწმინდის კანონები, როგორც თავად რეზოლუციის, ასევე განხილვისა და დეპუტატებთან საუბრის შედეგად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მთავარი ფაქტორი მაინც „გავლენების კანონია", რომელიც შეიძლება იყოს ის წითელი ხაზი, რაც ევროსაბჭოს მხრიდან დათმობას არ დაექვემდებარება.

„არსებული ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ გამოაჩინოს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროინტეგრაციის მისწრაფებები," - წერია დოკუმენტში, რომელიც ვლადებულებების შესრულების მონიტორინგის კომიტეტის სახელით ფარნგმა კლოდ კერნმა და პორტუგალიელმა ედიტ ესტრელამ მოამზადეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, სტრასბურგში გამართულ სესიაზე ძირითადი აქცენტი „გავლენების კანონზე" გაკეთდა, თუმცა ბევრი დეპუტატი სვამდა კითხვას, ძირეულად ხომ არ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვექტორი, და ეს შეშფოთება რეზოლუციაშიც ცხადად აისახა.

თავდაპირველად პირველ პუნქტს ასეთი ფორმულირება ჰქონდა: „საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც აჩენს კითხვებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებაზე და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს წევრობისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები."

ასამბლეის წევრების ჯგუფმა, რომელშიც უკრაინელი, ეტონელი და ლიეტუველი დეპუტატები შედიოდნენ, ისევე როგორც ქართველი ოპოზიციონერები, ანი წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი, მოითხოვა ამ პუნქტის უფრო დამძიმება, და სიტყვების „აჩენს კითხვებს" შეცვლა ფრაზით „აჩენს სერიოზულ ეჭვებს", რადგან, როგორც ცვლილების დასაბუთების ნაწილში წერია, „საქართველომ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, შესაბამისად „აჩენს კითხვებს" ძალიან რბილია."

საბოლოოდ ასამბლეამ ეს შესწორება დაამტკიცა.

სამაგიეროდ არ დამტკიცდა კიდევ უფრო მკაცრი შესწორება, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ურტყამდა.

„ასამბლეა ასევე შეშფოთებულია პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რომლის ქმედებები და განცხადებები პირდაპირ ემუქრება საქართველოს გზას ევროკავშირისა და ნატოსკენ. კერძოდ, მისი ბოლო განცხადებები, რომლებიც ამართლებს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მისი პრორუსული შეხედულებების მტკიცებულებაა, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს" - რეზოლუციისთვის ამ პარაგრაფის დამატებას მოითხოვდა დეპუტატების ჯგუფი - ოთხი უკრაინელი, ორი ლიეტუველი და ორი ქართველი (წითლიძე და ბეჟაშვილი).

ეს შესწორება ასამბლეამ უარყო - 41 ხმით 29-ის წინააღმდეგ.

რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ნათქვამია, რომ „გავლენების კანონი", ისევე როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში

„ასამბლეა ასევე ხაზგასმით შეშფოთებულია საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ახლახან განხორციელებული ცვლილებით, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად მოხდა, რაც ცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესს და აუქმებს ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.

„ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რაც, ფაქტობრივად, მისცემს მას ცესკოს წევრთა უმრავლესობას.

„ასამბლეის შეშფოთებას ემატება საარჩევნო კოდექსში ბოლო წუთში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, რამაც შეცვალა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კონფიგურაცია [...] ეს ცვლილებები პოტენციურად მმართველ უმრავლესობას ცესკოს ყველა გადაწყვეტილების გაკონრტოლების ბერკეტს აძლევს," - ნათქვამია დოკუმენტში.

ამას გარდა, ასამბლეა შიშობს, რომ „გავლენების კანონის" მიღების შემდეგ შექმნილი რეალობის შედეგად „რესპექტაბელურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება."

რეზოლუცია გარკვეული ოპტიმიზმით სრულდება, ბოლოში ნათქვამია, რომ ასამბლეას „ძლიერი იმედი" აქვს, რომ საქართველოში საბოლოოდ დემოკრატიული კონსოლიდაცია განხორციელდება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელდება. აქვე ნათქვამია, რომ ასამბლეა მზადაა „თანამშრომლობის, კონსტრუქციული და ღია დიალოგისადმი ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს საზოგადოების სექტორთან, რათა შეატრიალოს ბოლოდროინდელი უკანდახევა."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×