რეზონანსი
01.06.2024

მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო თითოეულ ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფროსებს კარგად გვესმოდეს, ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თითოეული ბავშვისთვის ცხოვრება გახდეს უკეთესი და უკეთესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მან ბავშვებს 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სამინისტროს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც სისხლის უანგარო დონაციას ეხება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი პირველი ივნისი მომდევნო წლის პირველ ივნისამდე ყოველი დღე ვაქციოთ ბავშვთა დღედ.

„სწორედ ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი გავიღოთ ბავშვებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ისეთი ყოფა-ცხოვრება, რომ არაფრის დეფიციტს არ განიცდიდნენ.

ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს გადმოსახედიდან გადავწყვიტეთ, სათავეში ჩავდგომოდით ისეთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორში შესაძლოა მკურნალობა, სისხლი სჭირდებოდეს ბავშვს, სწორედ ამ თვალსაზრისით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს თითოეული ბავშვი ნებისმიერი სირთულისგან", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო სწორედ სისხლის დონაციის მიმართულებით კანონმდებლობის შეცვლა.

„ჩვენი კანონმდებლობა გარდაიქმნა და ახალი რეგულირების მიხედვით, დონაცია უანგარო იქნება. შესაბამისად, დემონსტრირებაა ჩვენი მზადყოფნის, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასიც გავიღოთ, რათა ბავშვებს შევუქმნათ გარემო, სადაც არავითარი საჭიროება მათ არ ექნებათ.

14 ივნისს უანგარო დონაციის დღე აღინიშნება. მანამდე ჩვენ მოვამზადებთ კონკრეტულ გეგმას და მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გამოეხმაურება ამ ჩვენს ინიციატივას. შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში შეგროვდება საკმარისზე მეტი რაოდენობით სისხლი, რომელიც საჭირო იქნება ბავშვების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×