ნატალია ჯვარიძე
05.07.2024

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი კიევის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა, სავარაუდოდ სამშვიდობო გეგმით, რომლის ზუსტი დეტალები ჯერ უცნობია. რა შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ და იქნება თუ არა ეს შედეგიანი? ამ საკითხზე ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ორბანის ვიზიტი არაფრის მომტანია, რადგან ეს პრობლემა ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს. მეორე მხარეს კი, ამბობს, რომ ყველაფერი მოსალოდნელია.

„მთავარია, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა პირველ ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრებზე მოხდეს ამის დელეგირება. ძალიან საინტერესო პროცესებია წინ და ასევე იმედის მომცემია, რადგან ამ თემის ირგვლივ თითქმის ყველა მხარე გააქტიურდა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის თქმით კი, ორბანის ჩასვლა შედეგიანი არ იქნება. მთავარი კი ისაა, თუ რას მოილაპარაკებენ ამერიკა და რუსეთი.

„ორბანის ვიზიტი შედეგიანი არ იქნება, რადგან მოსკოვს ბრიუსელთან ლაპარაკი არ აინტერესებს. საბოლოო ჯამში მთავარია, რას მოილაპარაკებენ შეერთებული შტატები და მოსკოვი, და არა სხვა მოთამაშეები, მათ შორის არც უკრაინა".

ცნობილია, რომ პუტინი ორბანს უკრაინასთან სამშვიდობო ინიციატივის ნიუანსებს გააცნობს.

„თქვენ, ალბათ, იცით ჩემი გამოსვლის შესახებ მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომელშიც ჩამოვაყალიბე პოზიცია შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. მზად ვარ, ნიუანსებზე გესაუბროთ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენს პოზიციას გაგვაცნობთ და ასევე ევროპელი პარტნიორების პოზიციასაც", - უთხრა პუტინმა ორბანს.

პუტინმა აღნიშნა, რომ ორბანი მოსკოვში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის რანგში ჩავიდა. ასევე, პუტინი და ორბანი თანხმდებიან, რომ უნგრეთი მალე გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ყველასთან საუბარს შეძლებს.

„ეს ჩვენი მე-11 შეხვედრაა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. როგორც თქვენ იცით, 1 ივლისიდან უნგრეთი როტაციის საფუძველზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენი ბოლო შეხვერა ომამდე იყო, 2022 წლის თებერვალში. ეს არის ის, რაც განასხვავებს ამ ბოლო ორ შეხვედერას. მადლობელი ვარ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში დამთანხმდით შეხვედრაზე. ძალიან ცოტა ქვეყანაა ახლა ევროკავშირში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარესთან ლაპარაკი. მინდა, ეს შანსი გამოვიყენო და თქვენთან რიგი საკითხები განვიხილო. ასევე მინდა გავიგო თქვენი პოზიცია ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში", - - თქვა ორბანმა.

პუტინთან სამშვიდობო მოლპარაკებების ინიციატორი ვიქტორ ორბანი იყო. მოსკოვში ვიზიტამდე უნგრეთის პრემიერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ცეხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ მას გარკვევით უთხრა, რომ უკრაინა ომს მხოლოდ საკუთარი პირობებით დაასრულებს, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დაბრუნებას გულისხმობს.

არეშიძის აზრით, აქ გადამწყვეტი ვაშინგტონის ხმა იქნება.

„ჩვენ მხოლოდ იმ პირობების მიხედვით ვიმსჯელოთ, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში ჩაიტანა, რომლის მიხედვითაც ლუგანსკის და დონეცკის ოლქები რუსეთს რჩება, უკრაინას სავარაუდოდ ხერსონი და ზაპოროჟიე უბრუნდება, ხოლო ყირიმი ორმაგი კონტროლის ქვეშ იქნება (უკრაინისა და რუსეთის მიერ). ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამ პირობებს ალბათ ვაშინგტონი არ მიიღებ, რადგან მათთვის სწორედ ყირიმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა აღმოსავლეთ უკრაინას. იმისათვის, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს იმ პირობებით, რაც მოსკოვს აწყობს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ რუსეთი ყირიმს დათმობს, სხვანაირად გამორიცხულია", - აღნიშნავს იგი.

გია აბაშიძის თქმით კი პუტინისთვის ორბანის და კიდევ ორი ლიდერის შუამავლობა მისაღებია. როგორც იგი აღნიშნავს, ამ საკითხში თითქმის ყველა ჩაერთო და შესაბამისად, პოზიტიურ შედეგებს უნდა ველოდოთ.

„ორბანის კიევში ჩასვლა, შეიძლება ითქვას, რომ ეს დაგვიანებული ვიზიტი მის მოლაპარაკებაში ჩართვაზე მეტყველებს, რადგან მშვიდობა დამყარდეს. აქ გასათვალისწინებელია კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მხარის, აგრესორი კრემლის პოზიცია. თუ ის დასავლელი შუამავლების ინიციატივებს არ იღებს, მაშინ მისთვის გარკვეულწილად მისაღებია ამ სამი ლიდერის შუამავლობა (ვიქტორ ორბანი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი).

„ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკის არჩევნები, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, რადგან კონფლიქტის ერთ-ერთი ირიბი მხარე ამერიკაცაა. ამას არა ერთი საერთაშორისო აქტორი აღიარებს და ის ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტას არ ჩქარობს.

„საკმაოდ რთული საჭადრაკო დაფაა და მშვიდობას რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ეს გასაგებია. ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ ორბანი ამ სისხლიანი კონფლიქტის შეჩერების მთავარი გასაღები იქნება, მაგრამ საერთაშირისო პოლიტიკაში ყველაფერი ხდება .უნდა ველოდოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ამ წელიწადში თუ არა რამდენიმე თვეში ეს ომი შეჩერდება. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა დაიღალა. ბუნებრივია კიევსა და მოსკოვს შორის თამასები ძალიან მაღალი იქნება.

„რასაკვირველია, პუტინს თავისი პირობები ექნება და ერთ-ერთი არის ის, რომ იგი უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ჯარებს არ დაუშვებს. უკრაინას მკვეთრი მოთხოვნები არ აქვს, მას ტერიტორიების შენარჩუნება უნდა," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×