რეზონანსი
08.06.2024

მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია".

„უპირველეს ყოვლისა, ლევან, მინდა მადლობა გადაგიხადო შენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მნიშვნელოვან, არც თუ ისე მარტივ მომენტში შენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღე, ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას, რომლის მაგალითი შენ არაერთხელ გვიჩვენე. რუსი ივანიშვილის ჯალათების მხრიდან რაც მოჰყვა შენს მცდელობას, რომ ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გადაგერჩინა ახალგაზრდა, შენ შეხვდი წარმოუდგენელი სიმშვიდით, სიმტკიცით და სიმამაცით, რაც ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც გამარჯვების რწმენა აქვთ. ამას ასხივებდი ყოველთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. შენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ შენთვის საქართველოს ნათელი მომავალი და ჩვენი საერთო როლი ამ ნათელ, ევროპულ მომავალში უპირველესია. მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს, ამის შესაძლებლობა როგორც ლევანმა განმარტა, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება, თუმცა, ერთს ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში, თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც მათ შორის, ტყვეობაში, რაც ნამდვილად ისტორიული უსამართლობაა, არც ერთი წამი არ დაუკარგავს ერთიანი, ძლიერი, ევროპული, წარმატებული საქართველოს რწმენა, რომლის შექმნაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, საქართველოსი, სადაც ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს თვითრეალიზების შანსი აქვთ, სადაც ყველას შეუძლია სიამაყით თქვას - მე ვარ საქართველო. მე გპირდებით, განსაკუთრებით ვპირდები ახალგაზრდებს, რომლებმაც მართლაც გვაჩვენეს სიმამაცის, თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი ბოლო რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას საერთო, ეროვნული გამარჯვება მოვუტანოთ. დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×