რეზონანსი
17.06.2024

როგორი პროდასავლურობა გვინდა. საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთხმად აცხადებენ, რომ მათი მიზანია ევროპული ღირებულებების დაცვა და ქვეყნის წაყვანა ევროპული გაერთიანების მიმართულებით, რადგან ყველას მიაჩნია, რომ ევროკავშირი არის „თავისუფალი ერების ნებაყოფლობითი გაერთიანება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დეკლარირებულად, ორივე მხარეს სწორედ დასავლეთში ეგულება დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტები და ა. შ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები ერთმანეთს პრორუსებს, მოღალატეებს და ანტიდასავლელებს ეძახიან, ხოლო დასავლეთის ქვეყნების და დასავლური საერთაშორისო სტრუქტურების ლიდერები, ქართულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციური სპექტრის მხარეს დგას და თითქმის ულტიმატუმის ფორმით აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ ექნება.

ამ შემთხვევაში ისინი კატეგორიული ფორმით გვიცხადებენ, რომ რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80-85%) ყველა გამოკითხვის მიხედვით სწორედ ევროპულ გზას ირჩევს, ამიტომ უმრავლესობის გამომხატველი სწორედ ქართული ოპოზიციაა, რის გამოც, თუ არჩევნებში ოპოზიციამ არ გაიმარჯვა, ე. ი. ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ამის გამო მისი შედეგები დასავლეთმა არ უნდა ცნოს ლეგიტიმურად, უნდა დაეხმაროს ფსევდო მედასავლეთე უმრავლესობას „პრორუსული“ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში. ეს არის ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ პრიმიტიული აზროვნებისა და მოქმედების საფუძველთა საფუძველი.

მათ არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ, რომ ქართველი ხალხი იმდენად გამოიცადა და გამოიბრძმედა პოლიტიკის და პოლიტიკოსების ტყუილ-მართალი სიტყვებისა და საქმეების ლაბირინთებში, რომ მხოლოდ ლამაზი ლოზუნგებით აღარ ტყუვდება. მას ესმის, რომ ევროკავშირს თავის შემადგენლობაში მისაღებად საკუთარი პირობები გააჩნია, რასაც საქართველო ასრულებს თითქმის 30 წლის მანძილზე, თუმცა, რასაკვირველია, ბრმად და მონურად არ უნდა ხდებოდეს პირობების შესრულება, არამედ ეს უნდა ხდებოდეს საკუთარი იდენტობის, ტრადიციების და სუვერენიტეტის დაცვის გათვალისწინებით.

ჩვენი წარმოდგენით, ევროკავშირიც დამოუკიდებელი ქვეყნების დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ერების თვითმყოფადობის დაცვის მომხრეა, შარშან დეკემბერში ამიტომაც მიიღო „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.

ამის ფონზე ევროჩინოვნიკებმა ჩვენ გვითხრეს, არ გაბედოთ ნებისმიერი ქვეყნიდან თქვენთან შემოსული ფულის კონტროლი, თორემ პრორუსების იარლიყს მოგაკრავთ და ქვეყანას ავაყირავებინებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ნაც-პარტიებს და ნაც-ენჯეოებსო. საქმე ისაა, რომ რომ ეგ კანონი ჩვენი ქვეყნებისთვის არის კარგი, თორემ თქვენთვის ცუდია, რადგან ჯერ ვერა ხართ თავისუფლების, დემოკრატის, აზროვნების და ზოგადად, განვითარების ხარისხით ჩვენს დონემდე ამოსულიო.

ჩვენი „მედასვლეთე ოპოზიციონერების“ აზრით, მხოლოდ ჩვენთან არის აღმოსაფხვრელი კორუფციაც, დეპოლარიზაციაც, პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებებიც, მხოლოდ ჩვენთან არ შეიძლება კანონის დარღვევაზე რეაგირება, ხოლო ევროპაში არც კორუფციაა, არც დეპოლარიზაცია და არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რის გამოც მათ უნდა გვასწავლონ ყველაფერი.

ხელისუფლება და მისი მომხრეები პროევროპულობას ისე უყურებენ, რომ ევროპული წესები, თანასწორობა და პარტნიორობა სხვებსაც ჩვენს მსგავსად უნდა ესმოდეთ, ანუ ისე, რომ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ორმხრივი იყოს და არა ცალმხრივი. ოპოზიციისა და მათი მომხრეების აზრით, რადგან ევროპელები „თავისუფალი სამყაროდან“(ფაშიზმი და ბოლშევიზმი საიდან მოვიდა არ უნდა დაგვავიწყდეს) არიან, ამიტომ მათი ყველა კრიტიკული მოსაზრება ჩვენ უნდა გავიზიაროთ.

ჩვენ კი არ გვესმის, როგორ უნდა მოხდეს, რომ თან ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ და თან გეი პარადები ჩავატაროთ საქართველოში, თან ევროპული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე უნდა ვისაუბროთ, თან ქართული ეკლესია ვლანძღოთ, თან სააკაშვილის მმართველობის სისხლიანი 9 წელი აუცილებლად დემოკრატიის შუქურად მოვნათლოთ, თან მისი დამნაშავე თანამებრძოლები გამოვაშვებინოთ ციხიდან მათივე მარიონეტ საქართველოს პრეზიდენტს, თან ტერორისტებად მოინათლონ და ხანგრძლივ-ვადიანი პატიმრობით დაისაჯონ აშშ-ს კონგრესზე თავდასხმის მონაწილეები და რამდენიმე მათგანი დახოცონ კიდეც, ხოლო საქართველოს პარლამენტზე ანალოგიური თავდასხმის მონაწილეები საქართველოს „მშვიდობიან მოქალაქეებად“, პოლიციელთა მხრიდან მათი მოგერიება კი „სასტიკ ანგარიშსწორებად და რეპრესიებად“ შეაფასონ.

ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ არ ესმით, რომ რაც უნდა „ევროპელის“ ბრჭყვიალა სახელი გერქვას და „ევროპულ“ რიტორიკას აფრქვევდე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ დაგიჭერს მხარს, როდესაც გაილაშქრებ ჩვენი ეკლესიისა და მისი პატრიარქის წინააღმდეგ, პრო-რუსსა და ათას უბედურებას დაუძახებ ქართული ფაშიზმის დამმარცხებელს და საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს. ქართული ფაშიზმის მამამთავარს კი „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებ და ეცდები არა მხოლოდ მის რეანიმაციას და რეაბილიტაციას, არამედ თაღლითური და სიმულაციური გზების გამოყენებით მის გათავისუფლებას, რათა ხელი შეუწყო საქართველოს უკრაინიზაციას.

ფარისევლობა და თაღლითობაა, როდესაც ხედავ, ევროჩინოვნიკები როგორ ატარებენ ხელისგულზე უკრაინის ტერიტორიების დამკარგავ და უკრაინის მოსახლეობის გენოციდის ხელშემწყობ ზელენსკის, აგრეთვე მის მსგავსად პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის გამნადგურებელ მოლდოვას ლიდერს მაია სანდუს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერს უწუნებ, რადგან ის, პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესებს იცავს.

ქართველი ხალხი ევროპელობას სწორედ სამართლიანობას უკავშირებს. ამის გამო ევროპის მომხრე იმ 80-85%-ის უმრავლესობა, როდესაც ხედავს, რომ ევროპელობის სახელით ვიღაცები უსამართლობას სჩადიან, აგერ უკვე 12 წელია ხმას აძლევენ ასეთი ცრუ ევროპელების წინააღმდეგ. თუ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ამას ბოლოს და ბოლოს გაიცნობიერებენ, ხომ კარგი, თუ არადა, უნდა შეეგუონ, რომ ქართველი ხალხი მხოლოდ პროპაგანდაზე და უსამართლობაზე დაფუძნებულ და იდეოლოგიურ დროშად მოხმობილ „ევროპელობას“ არასოდეს მისცემს ხმას. ამიტომ მომავალ არჩევნებშიც დამარცხების სიმწარე ელით, რადგან მორიგ ჯერზე ისევ ვერ შეძლებენ მათი მომხრე უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენას“, - წერს კაკაბაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×