რეზონანსი
03.07.2024

2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლებისდროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. 

როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი წერს, საავიაციო კატასტროფები ქართულ ცაში სამწუხაროდ, ადრეც მომხდარა. გავიხსენოთ თუნდაც 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის ჩამოვარდნა სამაშველოსამუშაოების შესრულების დროს, მაგრამ ქართული სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში პირველად დავკარგეთ...

კახაბერ ზურაბაშვილი გამოცდილი მფრინავი გახლდათ და ის ხელმძღვანელობდა კიდეც ახალგაზრდა პილოტების გადამზადებას სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დედაქალაქს დაბალ სიმაღლეზე ქართულმა სუ-25-ებმა გადაუფრინეს, საქართველოს ეროვნული დროშის თეთრი და წითელი ფერის კვამლის ცაში გაფრქვევით...ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთს კახა ზურაბაშვილი მართავდა. ამ თვითმფრინავებს შორის, ერთ-ერთი ის სუ-25-იც იყო, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა...“ - წერს ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში.

საგულისხმოა, რომ 2001 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით ამ რაიონში ასევე კატასტროფა განიცადა L-29 „დელფინის“ ტიპის რეაქტიულმა სასწავლო თვითმფრინავმა, რის შედეგაც დაიღუპა ქართველი სამხედრო მფრინავი კაპიტანი დავით ცხოვრებაძე. დღევანდელი ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზს ან მიზეზებს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი დაადგენს, რასაც დრო სჭირდება და წინასწარ რაიმე ვერსიების გამოთქმა არ იქნებოდა გამართლებული... ისე კი, გამოცდილი ქართველი სამხედრო მფრინავის კახაბერ ზურაბაშვილის ბოლო სიტყვები, რომელიც რადიოეთერში გადასცა, ყოფილა: "მიზანია ღმოვაჩინე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×