თამთა ჩაჩანიძე
30.06.2024

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შთამბეჭდავმა დებიუტმა ქვეყანის შიგნით გააჩინა და გააძლიერა ეროვნული ერთიანობის განცდა, ქვეყნის გარეთ კი გაზარდა საქართველოს ცნობადობა და დადებითად შეცვალა ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოახდენს გავლენას ეს ცვლილებები თუნდაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ეს უკვე მეორე საკითხია.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა გაიმიჯნოს, მსოფლიოში ეს ტენდენცია მაინც არის და გამონაკლისი არც საქართველოა. მათი თქმით, ფეხბურთში არსებული მოცემულობა ახდენს გავლენას პოლიტიკურ პეროცესებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უთუოდ გაიზარდა საქართველოს ცნობადობა ევროპაში, იზრდება ევროპელი მოქალაქეების აღქმა, რომ საქართველო ევროპის ღირსეული ნაწილია.

ორიოდე წლის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წამოაყენა ცნობილი ფორმულა - რომ ერვოპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. ახლა კი, სწორედ ევრო-2024-ის გავლენით, ეს ფორმულა შესაძლოა ცოტა განსხვავებულად ჩამოყალიბდეს - ევროპა იბერიიდან იბერიამდე. ამის პირველი ნიშანია თუნდა ესპანური მედიის სათაურები საქართველო-ესპანეთის მერვედფინალური მატჩის წინ. ეს თამაში ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა „იბერიულ დერბიდ" გამოაცხადეს, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან ევროპის უკიდურესი დასავლეთი და უკიდურესი აღმოსავლეთი. ანუ, პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე იბერია - ესპანეთი და საქართველო, რომელსაც ანტიკური ავტორები აღმოსავლეთ იბერიას უწოდებდნენ.

რაც შეეხება ქვეყნის შიდა ვითარებას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთის მხრივ საქართველოში ერთგვარი ეროვნული ერთიანობის განცდა გაჩნდა, თუმცა პოლიტიკური ძალები მიმდინარე პსორტულ პროცესებს სათავისოდ გამოყენებას მაინც ცდილობენ.

როგორ შეიცვალა საქართველოსადმი დამოკიდებულება

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკა არის იქ, სადაც ქვეყნის იმიჯი იქმნება, სპორტსმენები კი ევროპაში უდაოდ ქვეყნის იმიჯს ქმნიან. მისი თქმით, საქართველოს ცნობადობა გაიზარდა და იზრდება ევროპელი მოქალაქეების აღქმა, რომ საქართველო ევროპის ღირსეული ნაწილია, თუმცა სხვა თემაა როგორ მოიქცევა ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა.

„პოლიტიკა არის იქ, სადაც შეიძლება ქვეყნის იმიჯი შეიქნას და სპორტსმენები უდაოდ იმიჯს ქმნიან, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკა არის და ეტყობა კიდეც - გარკვეული პოლიტიკიური ჯგუფები ამ პროცესებში ჩაერივნენ და უნდოდათ მიეცათ ისეთი ჟღერადობა, რომ ხელისუფლება ფეხბურთში ერევა და აფუჭებს მას. ეს ხომ პოლიტიკურ მიზანს გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ როგორმე ცუდი შეფასება მიიღოს?! ესე იგი, სპეორტში პოლიტიკა ჩარეულია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან და ამას სასურველი მიმართულება არ აქვს.

„პრინციპში, ეს გასაკვირი არაა იმ ფონზე, რომ ჩვენ საბჭოთა პერიოდის პირმშოები ვართ. მაშინ სპორტი მკაფიოდ პოლიტიზირებული იყო, რადგან საბჭოთა იდეოლოგია აცხადებდა, რომ საბჭოთა სპორტსმენები იმარჯვებენ იმიტომ, რომ საბჭოთა წყობა ყველა სხვა წყობას სჯობსო, ანუ სპორტსმენის გამარჯვება სისტემის გამარჯვებასთან იყო გაიგივებული. ეს ქვეტექსტი ჩვენთან ყოველთვის ფიგურირებს, ოღონდ არა მგონია, რომ სხვა ქვეყნებში სპორტს ასეთი ქვეტექსტი ჰქონდეს.

„საქართველოს ცნობადობა უდაოდ გაიზარდა და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ადამიანების აღქმა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და თან ძალიან ღირსეული - ამ ჩემპიონატს ამ იდეამდე მიჰყავს ევროპელი მოქალაქეების აღქმა. მაგრამ თავისთავად ამ მოქალაქეებზე ცალსახად არაა დამოკიდებული როგორ მოიქცევა ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა, ეს კიდევ სხვა თემაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპაში „კარგად დაიქუხა" და საქართველოს საგარეო ცნობადობა გაიზარდა, თუმცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისა და თავად ევროსტრუქტურების გადასაწყვეტია.

„მსოფლიოში ეს კამათი დიდი ხანია მიდის - ნებირმიერ სახელმწიფოში უმეტესობა სპორტს, ხელოვნებას, კულტურას პოლიტიკაში ათავსებს. მაგალითად, ინგლისისა და არგენტინის სახელგანთქმული საფეხბურთი ნაკრებები როგორც კი ერთმანეთს ხვდებიან, იქ ფოლკლენდის კუნძულები ახსენდებათ - იქ ფეხბურთი მთავრდება და პოლიტიკა იწყება, თუმცა ორივე გუნდი ფანტასტიურად თამაშობს.

„პირადად მე არ ვარ მომხრე, რომ სპორტი და ხელოვნება პოლიტიკაში ჩავრთოთ. პოლიტიკა ძალიან ამძიმებს მათ, თუმცა უმრავლესობა რთავს - საკმარისია რომელიმე ქართველმა მომღერალმა რუსეთში იმღეროს, მაშინვე დაესხმებიან თავს.

„ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიქუხა და ევროპაში გამოჩნდა. ჩემი აზრით, ევროპის ჩემპოინატი მსოფლიოს შემდეგ საუკეთესო ჩემპიონატია. ფეხბურთის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე მაღლაც დგას, რადგან უფრო რაფინირებული და თანაბარი გუნდებია და სანახაობრივად უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ, როცა მსოფლიოზე სხვადასხვა რანგის და დონის გუნდები გამოდიან და თამაშები მოსაწყენიც კი ხდება.

„საქართველოს საგარეო ცნობადობა გაიზარდა, ევროკავშირში ინტეგრაციის შანსი - არანაირად, რადგან ეს საკითხი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. (ევროკავშირში) ინტეგრაციის კუთხით ის აქციები გაცილებით მეტია, ვიდრე ფეხბურთში წარმატება. აქციებმა აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და რომ მოსახლეობას სურს დემოკრატია სამოქალაქო ღირებულებებით.

„საქართველო გახდეს თუ არა ევროკავშირის წევრი, ამაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის სტრუქტურები იღებენ და არა უეფა. ევროკავშირის სტრუქტურების დონეზე კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველო ფეხბურთში წარმატებას მიაღწევს თუ არა. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ქართველი ხალხი რამდენად მოინდომებს იმას, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

გავლენა შიდა პროცესებზე

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევრო2024-ზე საქართველოს შთამბეჭდავი დებიუტით უდაოდ გაჩნდა საქართველოში ეროვნული ერთიანობის განცდა, თუმცა, ქვეყანაში ბოლშევიკური დამოკიდებულება მაინც დაძლეული არაა, როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მოქმედებენ ფორმულით - „რაც უარესი, მით უკეთესი".

„ქვეყანაში ყველა ხაზს უსვამს ერთიანობას. ვხედავთ, რომ ერთიანი სიხარულია - ყველას უხარია, მხოლოდ დედაქალაქი კი არა, მთელი საქართველო ქუჩაში იყო გამოსული და იმედია ხშირად გვექნება აღფრთოვანების ანალოგიური მიზეზი. თუ გვაერთიანებს, გვაერთიანებს წარმატება სპორტში, ხელოვნებაში. ზოგადად, ყველა სახის წარმატება სიხარულის მხრივ უნდა გვაერთიანებდეს.

„თუკი რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას დამოკიდებულება ექნება, რომ მეორე პარტიის წარმატება ჩემთვის მიუღებელიაო და ასეთი წარსული არის (აწმყოზე არ ვსაუბრობ). ბოლშევიკების ფორმულა იყო - „რაც უარესი, მით უკეთესი". ანუ ქვეყანაში რაც უფრო უარესი მდგომარეობა იქნება, ჩვენთვის უკეთესიაო. ისინი ხელისუფლებისკენ მიდიოდნენ იმ ფორმულით, რომ ქვეყანაში ხალხის მდგომარეობა, პოლიტიკური მდგომარეობა, ხალხისა და ალბათ სპორტის მდგომარეობაც გაუარესებულიყო. თუკი პოლიტიკურ პარტიას ეს ფორმულა ექნება, მაშინ მისთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი წარმატება", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, დღეს საქართველოს შემთხვევაში როგორაა, საყვარელიძემ გვითხრა, რომ, სამწუხაროდ, ბოლშევიკური დამოკიდებულება დაძლეული არაა.

„სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს ბოლშევიკური დამოკიდებულება დაძლეულია. ხშირად ტივტივდება ის სურვილი, რომ სპორტი გამოყენებული იყოს რომელიღაც პოლიტიკური მხარის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების კრიტიკისთვის. მთლიანი ქვეყნის სურვილი, ინტერესი, ხალისი და თვითონ სპორტსმენების ხალისიც და ბრძოლის სურვილიც არაა გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც სპორტსმენები ხაზს უსვამენ, რომ ისინი იბრძვიან არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ საქართველოსთვის.

„სპორტსმენებს მკაფიოდ უკავიათ მთლიანი საქართველოსთვის ბრძოლის პოზიცია იმ ბრძოლის ველზე, რომელიც მათკენაა გაშლილი. ისინი პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგანან და ეს დაპირისპირება მხოლოდ ღიმილის მომგვრელი და დასანანია, რომელიც სერიოზულად არაა აღსაქმელი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატმა და ქართველი გულშემატკივრების დიდი რაოდენობით ჩასვლამ ევროპაში შესაძლოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა.

„ჯერ ერთი, ამდენი ადამიანი ევროპაში ჩავიდა, რომლებიც არ გეგმავდნენ ევროპაში მოგზაურობას. დარჩა იქ და ნახა რა არის ევროპა და დარწმუნდა, რომ იქ სულაც არაა გეი პარადები და ლგბტ საზოგადოების უპირატესობა. იქ მათ ევროპაში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. მათაც უთხრეს, რომ არაა ის ევროპა, რასაც თქვენ რეგვენი „ქართული ოცნება" გიხატავთ, ეს სულ სხვაა.

„როცა მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ვინც კი საბჭოთა კავშირიდან ტყვედ ჩავარდა და მერე ჩამოვიდნენ, სტალინმა დააპატიმრა, რადგან არ უნდოდა ამ ხალხს ელაპარაკა რა ნახეს მათ მიერ დაპყრობილ გერმაიაში და ზოგადად ევროპაში. ახლა იქიდან დაბრუნებული ხალხი უცებ არჩევნებზე მოხვდება და ერთი ორად იზრდება მუხტი და ენერგია იმ მიმართულებისა, რასაც ჰქვია არჩევნებში „ოცნების" დამარცხება. მე ამაში ეჭვი არ მეპარება და ამისათვის უდიდესი მადლობა ჩვენს ნაკრებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×