რა პერსპექტივა აქვს ახლადშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“
თამთა ჩაჩანიძე
02.07.2024

არასამთავრობო სექტორის ნაწილი პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს" აფუძნებს, მისი ერთ-ერთი ლიდერი „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორი და "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" დირექტორი ლევან ცუცქირიძეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება „აუცილებლად" უნდა შეიცვალოს, თუმცა მომავალმა ხელისუფლებამაც ხალხისთვის მიცემული სიტყვა არ უნდა გატეხოს.

საპარლამენტო უმრავლესობა ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს". ოპოზიცია კი მიესალმება მოძრაობის ჩამოყალიბებას, თუმცა, დასძენს, რომ „მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს".

ანალიტიკოსთა შეფასებებს რაც შეეხება, ნაწილი ფიქრობს, რომ თუ პოლიტიკური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, არჩევნებამდე დარჩენილი დრო საკმარისი არაა რეიტინგის მოსაპოვებლად. ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე პროდასავლურ პარტიასთან ვიხილოთ ერთობაში, მაგალითად „ახლებთან".

რა პერსპექტივა აქვს „თავისუფლების მოედანს"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არასამთავრობოების „პოლიტიკაში გადაბარგება" არახალია და მსგავსი სურათი 2003 წელსაც ვიხილეთ, თუმცა, მაშინ ენჯეოებს გაცილებით დიდი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე დღეს.

„არასამთავრობოების პოლიტიკაში გადაბარგება ახალი არაა, ანალოგიური მდგომარეობა 2003 წელს იყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი" ჯერ „ნაცმოძრაობაზე" მუშაობდა და მერე მონაწილეობა მიიღო ენმ-ის ხელისუფლების დაკომპლექტებაში.

„ნაცნობი მოვლენაა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ქართული გამოცდილება რაღაც პოზიტიურ მოლოდინებს გვკარნახობს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა ტიპის სამუშაო უწევთ, სხვა პროფესიული ჩვევები აქვთ - უფრო მცირე გაბარიტის და უფრო თავის თავზე ორიენტირებული, საქვეყნო პრობლემატიკა მათთვის ჩვეული არაა და ა.შ.

„ისევ „თავისუფლების ინსტუტის" მაგალითზე გეტყვით, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დიდხანს იმუშავა ქართულ სივრცეში და არჩევნების მომენტისთვის ქართველებისთვის უცხო არ იყო, თან მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები პოპულარული იყო, ახლა კი ნაკლებად. დარჩენილ საზაფხულო პერიოდში მოაგროვო რეიტინგი, როცა ადამიანები ისვენებენ, ცოტა საეჭვო მეჩვენება.

„თუ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ან დამოუკიდებლად უნდა გავიდეს, ან საერთო სიაში ჩაეწეროს. თუ ეს ორგანიზაცია საერთო სიაში ჩაეწერება, რეიტინგის საკითხი დააინტერესებს იმ პარტიას, რომელმაც სიაში უნდა ჩაწეროს - პარტიას ურეიტინგო ჯგუფი რაში სჭირდება, როცა ადგილები თითზე დასათვლელია?! ამიტომაც არა მგონია ასე მარტივი იყოს მათი პოლიტიკაში შესვლა-გამოსვლა.

„ალბათ ეს ჯგუფი იაქტიურებს არჩევნების დაწყებამდე და ალბათ მათი აქტიურობის ძირითადი ადრესატი იქნება ხსენებული კანონი. კი ბატონო, იაქტიურონ, უბრალოდ პერსპექტივის თვალსაზრისით ცოტა საეჭვოა, რადგან ისეთი პარტია, რომელიც საზოგადოებას მარტო იმას ეუბნება, რომ კონკრეტული კანონი მიუღებელიაო, პოპულარული აღმოჩნდეს.

„საზოგადოება, რომელსაც ამდენი ეკონომიური პრობლემა აქვს და საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები ჩვენს გარშემო ერთმანეთს ეჯიბრება. ამ ფონზე, „გამჭვირვალობის კანონის" მიღების თემით მოქმედება სწორი არაა, როცა ყველა ამ კანონს აღიქვამს სწორედ არასამთავრობოების პრობლემად, თვლიან კიდეც, რომ ეს არასამთავრობიების ინტერესისთვის ბრძოლაა",- განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" „თავისუფლების მოედანის" შექმნას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თუ მათ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, შესაძლოა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდნენ.

„აღნიშნული ორგანიზაციის შექმნას დადებითად ვაფასებ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას პოლიტიკური მოძრაობა ეწოდება და არა პარტია, მისი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა არაა. მისი მიზანია ქვეყანაში არსებულ სოცალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება და პრობლემებზე აქცენტირება.

„თუ მათ არჩევნებში მონაწილება გადაწყვიტეს, შესაძლოა რომელიმე ოპოზიციურ დაჯგფებას შეუერთდნენ, მათ სიებში იყვნენ წარმოდგენილი, მაგალითად „ახლებთან". „ახალს" ერთიანი სია არ უნდა და ინტელექტუალური კადრები დასჭირდებათ. არც ისაა გამორიცხული, რომ თუნდაც რომელიმე სხვა პროდასავლურ ძალას შეუერთდნენ. ასევე შესაძლებელია ოპოზიციის ახალი ერთობის დოკუმენტის ხელმომწერთა ჯგუფშიც ვიხილოთ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

შეფასებები ახალ პოლიტიკურ მოძრაობაზე

როგორც მპოძრაობის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.

"ეს პლატფორმა არის ღია, არის ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენი მანიფესტის ფასეულობებს, ვინც თვლის, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ერთად ბრძოლა - საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად.ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის.ჩვენი პლატფორმა არავისთვის არ არის დაკეტილი. ჩვენ მოძრაობაში დგანან არაპარტიული პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და შეუძლიათ საქმის კეთება სახელმწიფო დონეზე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. დასძინა, რომ ახალი მოძრაობა პრეზიდენტის ქარტიას მხარს უჭერს.

„ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხვას, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ გააკეთა. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას", - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძემ ასევე წარადგინა გაერთიანების წევრები, რომელთა შორის არიან სიმონ ჯანაშია, ბაკურ კვაშილავა, ზურაბ ფარჯიანი, დავით გზირიშვილი.

„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფიძნებას მიესალმება და აცხადებს, რომ „თავისუფლების მოედანში" პროფესიონალი ადამიანები არიან გაერთიანებულები.

„მივესალმები „თავისუფლების მოედნის" დაფუძნებას. ჩემთვის ბევრი ნაცნობი და პროფესიონალი ადამიანის ერთობაა. თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას. წარმატებას ვუსურვებ ლევანს და მის გუნდს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება ახლოსაა!" - წერს ხაზარაძე.

„კარგია ყველა პროდასავლური პარტიის გაჩენა, არსებობა, მაგრამ მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" დაფუძნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.მანჯგალაძემ ოპოზიციას გამსხვილებისკენ მოუწოდა.

„ყველას მოვუწოდებთ გამსხვილებისკენ, ახლებსაც და ძველებსაც," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საკუთარი სახე გამოაჩინეს".

„კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს. ისინი ისედაც პოლიტიკაში იყვნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციებს არ ასრულებდნენ, რაც ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება დადასტურებული.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ პირდაპირი წესით პარტიებს. „ენდიაიმ" ქალი დეპუტატები დააფინანსა, ფინეთის საელჩომ - „ტაბულა", იგივე „ევროპული საქართველო". არასამთავროებმა თქვეს, აზრი არ აქვს დამალვას და იურიდიულადაც ჩამოვყალიბდეთო. საზოგადოება მიხვდა, რომ მსაჯულები ვერ იქნებიან ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×