ნატალია ჯვარიძე
03.07.2024

2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს, რასაც ოპონენტებს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ პროექტის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა.

ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გელათათში გუშინ არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლებიც. კომპლექსი გასულ წელსაც იყო რამდენიმე დღით დაკეტილი, თუმცა მაშინ უშუალოდ ჭიშკარს ედო ბოქლომი და იქამდე მისვლა მედიას თავისუფლად შეეძლო.

ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მამა კირიონის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მალე ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩავლენ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გადახურვის პარალელურად დაიწყება შიდა სამუშაოები.

„უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ", - განაცხადა მამა კირიონმა.

მან ასევე ისაუბრა ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი თქმით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა.

„უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები. ეს არის გერმანული კომპანია „ლეიერის" მიერ დამზადებული მასალები, რომლებიც მხოლოდ გელათის კონსტრუქციისთვისაა მორგებული და მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა. სამუშაოებს შეასრულებს გერმანული კომპანია „ქვადრექსი". სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ აღებული გვაქვს 45 დღე. შეიძლება უამინდობა იყოს ან რამე მოხდეს და 3 დღე დავამატეთ. თქვენ, ალბათ, ნახეთ, შემოსასვლელში ბანერი, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორციელდა მომლოცველების და მნახველების უსაფრთხოების მიზნით, რადგან გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, რომ თუ ამ კუთხით არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ისინი ამ სამუშაოს ვერ შეასრულებენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების გამო, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო", - განაცხადა მამა კირიონმა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

„ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის გარშემო ძალიან ბევრი კითხვები არსებობს და საჭიროა ყველაფრის გასაჯაროება. როგორც იგი აღნიშნავს, ბუნდოვანებას აჩენს ის ფაქტიც, რომ მთლიანად სოფელი დაიკეტა.

„პროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. იქ სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტი დღემდე უცნობია, ამიტომ ჯობს გაასაჯაროონ. გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ეს აქამდეც უნდა დაწყებულიყო. აქ ბუნდოვანებას აჩენს ის, რომ მთლიანად სოფელი დაიკეტა. წარმოუდგენელია რაღაც კონსტიტუციური შეზღუდვების დაწესება გელათის ირგვლივ, როდესაც ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო დავხმარებოდით იმ პროცესს და უფრო მეტი სინათლე შეგვეტანა იმ სიბნელეში, რასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა", - აცხადებს ბარათაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×