„ალბათ რადიუსს 200 კმ-მდე გაზრდიან, იქ არის სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციური ცენტრები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სამიზნე“
თამთა ჩაჩანიძე
03.07.2024

აშშ-ის სახდეპი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, კიევს ამერიკული იარაღით უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა, ვიდრე დღეს დაწესებული ლიმიტია. მანამდე, ვაშინგტონმა უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებით იერიშები რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100-კილომეტრიანი რადიუსით განუსაზღვრა. ახლა კი სამხედრო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, ეს დიაპაზონი 200 კმ-მდე გაიზარდოს, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიზნეებია.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მათი „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში" თავმოყრა იყო.

„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე დაარტყას", - განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.

ობრაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ საზღვრებთან არსებული ობიექტების განადგურების გამო რუსეთი წინსვლის უნარს კარგავს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დიდია ალბათობა იმისა, რომ ვაშინგტონმა საკუთარი იარაღის გამოყენებისთვის კიევს ლიმიტი 200 კმ-მდე გაუზარდოს.

„ალბათ მეორე ჯერზე 200 კმ-მდე გაზრდის, ეს სავსებით ადეკვატური ვარიანტია. ამ სიღრმეში არის სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციური ცენტრები და ბევრი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური სამიზნე. რუსეთი უკრაინაში ფრონტის ხაზის გაფართოებას არ ცდილობს, რაც შეეხება საჰაერო იერიშებს, ცდილობს, რომ 500-დან 1000 კმ-ის მანძილზე დარტყმები განახორციელოს, მას ეს შეზღუდვა ისედაც არ ჰქონდა.

„ამერიკელების განცხადებები რუსებს ნაკლებად აინტერესებს. ის კი არა, თავდაცვის მინისტრმა უკვე გასცა ბრძანება, რომ სტრატეგიული დრონები ჩამოაგდონ იგივე ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიაში. სიტუაცია გადავიდა გამალებული ახალი ცივი ომის დონეზე, სადაც წერტილდასმული თემაა ამერიკელების ინტერესების გათვალისწინება. პირიქით, ამერიკულმა ხელმძღვანელობამ შესაძლოა გაითვალისწინონ ის მომენტი, რომ ავტოკრატიული და ტოტალიტალური ლიდერშიპი იმდენად გარესიულია, შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენონ.

„რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, იგივე სიტუაციაა, თუმცა ტაქტიკური ინიციატივა რუსების მხარესაა", - განაცხადა მან.

კითხვაზე, რატომ არ იყენებს არცერთი მხარე შეტევისთვის ხელსაყრელ მშრალ პერიოდს, მაისაია გვეუბნება, რომ ამ მხრივ ორივე მხარეს დიდი პრობლემა აქვს.

„ჯერ ერთი რუსეთს შეტევისთვის არ სცხელა, შეიცვალა სამხედრო-სტრატეგიული ხელმძღვანელობა - თავდაცვის მინისტრი და სხვები, ახალი ხელმღვანელები მოიყვანა. ძველი მიდგომები შეიცვალა, ძველი ყაიდის თანამდებობის პირების დაჭერა დაიწყეს და საკმაოდ სერიზული რეპრესიები მიდის. შიდაპოლიტიკურ ვერტიკალში სერიზული ცვლილებები და გადაადგილებებია, რომელიც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას საშუალებას არ აძლევს, რომ ფრონტის ხაზზე შეტევა განახორციელოს.

„მეორეც, ისინი ჩრდილო კორეიდან სამხედრო დახმარებას ელოდებიან, რომელიც ცოცხალი ძალითაც დაეხმარება, გადაისვრის საინჟინრო და საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედროებს, შესაძლოა დაქირავებული მებრძოლების ეგიდით, ჩრდილოკორეელი მებრძოლებიც გამოჩდნენ. თუ ასე ვივარაუდეთ და ასე მოხდება სამხედრო ვერტიკალის აგება, შესაძლოა რუსები აგვისტოს მეორე ნახევრდან გადავიდნენ შეტევაზე თუნდაც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით.

„მეორე საკითხია, რატომ არ იწყებს შეტევას უკრაინა, ჯერ ერთი, ახლა შედის იარაღი. პრობლემებია მართვის სისტემაში, მობილიზაციაში. სამხედროებიც გადაიღალნენ და დრო ყველაფერზე მოქმედებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×