"თუ საქართველოს საფინანსო სექტორში რაიმე ჩარევა არ იქნება უცხოეთიდან, მაშინ საბანკო სექტორი შემდგომშიც სტაბილურობას შეინარჩუნებს“
გვანცა წულაია
26.06.2024

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე ლარის მერყეობა უკვე ყოველდღიურად შეინიშნება. ამპლიტუდა 2-4 თეთრია, თუმცა ასეთი მოცემულობის მიუხედავად, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სავალუტო ბაზარზე რაიმე საგანგაშო არ ხდება და ეროვნული ბანკიც მდგომარეობას აკონტროლებს. 

ბოლო დღეების მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ლარის კურსი ყოველღიურად სხვადასხვა ნიშნულზეა. მაგალითად, წინა პარასკევს ერთი აშშ დოლარი - 2.80 ლარი ღირდა, ორშაბათს - 2.84 ლარი, სამშაბათს - 2.82 ლარი, გუშინ დილით - 2.80, დღის ბოლოს კი ერთი აშშ დოლარი 2.8350 ლარამდე გაუფასურდა. 

საინტერესოა, რატომ მერყეობს კურსი 2-4 თეთრით ყოველდღიურად და როდის დასრულდება სავალუტო ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობა? ექსპეტრთა შეფასებით, საგანგაშო არაფერი ხდება და საქართველოს ეროვნული ბანკი მდგომარეობა სრულიად აკონტროლებს. როგორ ფინანსისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა განაცხადა, ასეთ დიაპაზონში მერყევი კურსი ჩვეულებრივი ამბავია, რაც სტაბილურად ითვლება.  

„მიმაჩნია, რომ საგანგაშო არაფერი არ არის. მდგომარეობა დამოკიდებული იმაზე, ეროვნული ბანკი როგორ ჩაერთვება ინტერვენციებით, რადგან სებ-ის ძირითადი ამოცანა არის რყევების შერბილება. ახლა რაც ხდება, ეს დროებითი მოვლენაა და ეროვნული ვალუტა მაინც დასტაბილურდება. საერთოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კურსის გარკვეული სახის მერყეობა ყოველთვის არის, რადგან პარტიები თანხებს ხარჯავენ თავიანთ სარეკლამო საქმიანობაზე და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ლარის გამყარდეს ანდა გაუფასურდეს. 

დავაკვირდეთ, როგორ იქნება შემდგომი დღეებში სიტუაცია. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკში მთლიანად აკონტროლობენ ამ სიტუაციას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ვახტანგ ხომიზურაშილმა და დასძინა, რომ აჟიოტაჟი ყოველთვის სრულდება, რის შემდეგაც თავის კალაპოტში მოექცევა გაცვლითი კურსი.

„ჩვენთან საფინანსო სისტემა ძირითადად საბანკო სექტორით არის წარმოდგენილი. იგი იმდენად მდგრადი და გამჯდარია ეკონომიკაში, რომ უშუალოდ საბანკო სისტემას პრობლემა ნაკლებად ემუქრება. 

გარე თუ შიდა ფაქტორები ნალებად მოქმედებს, კურსზე. ძირითადად ეს გამოწვეულია რაღაც აჟიოტაჟით, შეიძლება ხელოვნურად შექმნილი ვითარებით, რასაც დომინოს ეფექტი აქვს და პატარა გაუფასურებამ შესაძლოა, ფსიქოლოგიურად იმოქმედოს გარკველ სეგმენტზე, მაგრამ, როგორც წესი, აჟიოტაჟი სრულდება ხოლმე და შემდეგ თავის კალაპოტში ჯდება გაცვლითი კურსი. 

მომავალში რაღაც ზეგავლენა შეიძლება იყოს, დაფინანსების შემცირების გამო, დონორი ორგანიზაციებისგან, თუმცა ესეც ნაკლებად მოსალოდნელია. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმაირისი რეზერვი, რომ ლარი  დაასტაბილუროს და ეროვნული ვალუტის ცვალებადობა გარკვეულ დიაპაზონში მოაქციოს. კურსი უნდა იყოს ცვალებადი, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, რაღაც დიაპაზონში“, - დასძინა „რეზონანსთან“ხომიზურაშვილი. 

გასულ პერიოდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, საბოლოო ჯამში, 17-18-პუნქტიანი დევალვაცია მივიღეთ. სანამ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებდა, ლარის კურსი 2.67-ის ფარგლებში იყო. გუშინ დღის ბოლოს „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე დოლარი ფასმა 2.8350 ლარი შეადგინა. 

საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავაც მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების 2-3-თეთრიანი ყოველდღიური მერყეობა ნორმალური ამბავია. 

„კურსის ყოველდღიური 2-3-თეთრიანი მერყეობა აბსოლუტურად ნორმალურია. საერთოდ, მიჩნეულია, რომ 2%-იანი მერყეობა არის ნორმალური. საქართველოს ეკონომიკის დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ იგი 80%-ით დამოკიდებულია იმპორტზე და ამიტომ ლარის კურსის ნებისმერი რყევა იწვევს იმპორტის ფასების ცვლილებას და შესაბამისად ინფლაციას. 

პატარა მერყეობა პრობლემა არ არის. ეკონომისთვის პრობლემაა, როდესაც კურსი მკვეთრად და სწრაფად იცვლება - გინდა გამყარების და გინდა გაუსაფურების კუთხით. მნიშვნელოვანი რყევა ბიზნესმენებს ურევს დალაგებულ გეგმებს, ვითარებას ხდის არაპროგნოზირებადს, რაც უარყოფითად მოქმედებს ფასების დონეზე. კერძო სექტორს ეშინია, რომ თუ ჩამორჩა ტენდენციას და ფასს შეინარჩუნებს, წაგებულში დარჩება და პრობლემები შეექმნება, ამიტომ იძულებულია, გაზარდოს ფასი არა კურსის ცვლილების მიხედვით, არამედ უფრო მეტად შიშის ფაქტორის გამო, ანუ დაიზღვიოს თავი მომავალი ცვლილებებისგან“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ. 

მისი შეფასებით, საფინანსო სისტემა სტაბილურია და თუ საქართველოს გარედან რაიმე ჩარევა არ განხორციელდება, მაშინ ასეთივე მდგრადი იქნება მომავალშიც. 

„საფინანსო სისტემა არა მარტო მდგრადი, არამედ მზარდი იყო ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით. ამ ყველაფრის ხელშემწყობი კი, რა თქმა უნდა, იყო ეროვნული ბანკი, რადგან საფინანსო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა მისი ერთ-ერთი ფუნქციაა. თუ საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო სექტორში რაიმე ჩარევა არ იქნება უცხოეთიდან, მაშინ საბანკო სექტორი ასეთივე მდგრადი იქნება შემდგომშიც“, - თქვა ელიავამ „რეზონანსთან“. 

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან. მათი ნაწილი ხელს კომერციული ბანკებისკენ იშვერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×